
მე ვნახე, ოპოზიციის ძალიან დიდ ნაწილს როგორი დამოკიდებულება აქვს არა მარტო პატრიარქის, არამედ ზოგადად, საქართველოს ტრადიციის, ეკლესიის მიმართ და ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში მოუსმინო ადამიანებს,- ასე ეხმიანება ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან პატრიარქის განცხადებას.
მისივე თქმით, დიალოგის პრობლემა, რაზეც პატრიარქი საუბრობს, ნამდვილად დგას, თუმცა, გია ვოლსკი ამაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ მაშინ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, როცა მმართველი პარტია პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
"პატრიარქმა, რასაკვირველია, თავის პიროვნული თვისებებიდან, ზოგადად ქრისტიანული საწყისიდან გამომდინარე ზუსტად ის თქვა, რაც სამწუხაროდ, აკლია საქართველოს. მოისაკლისებს დიალოგს და ჯანსაღ პოლემიკას სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. დიალოგის ყველანაირი რესურსი ჰქონდათ, მათ შორის მაშინ, როცა ჩვენ ინიციატივით გამოვედით პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე და ამ დიალოგს ამჯობინეს აღვირახსნილი ყოველგვარ წრეგადასული ლანძღვა- გინება და არა მარტო ლანძღვა-გინება, არამედ სხვადასხვა პერფორმანსები, რომელსაც არა თუ დიალოგისკენ მივყავართ, არამედ აკნინებს იმ მნიშვნელობას, რასაც ჰქვია კოალიციური პასუხისმგებლობის აღების პერსპექტივა. ასე რომ, თუკი ვინმემ ხაზი გადაუსვა და გადააბიჯა ამ მნიშვნელოვან ფაქტორს, რასაც დიალოგი ჰქვია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" და სხვადასხვა განშტოებები ამ მოძრაობის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, პატრიარქის განცხადებით, სამწუხაროა, რომ არ არსებობს ურთიერთგაგება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. მან განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ერთმანეთის მოსმენის საჭიროებას და აღნიშნა, რომ მოსმენით მიიღწევა ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ეს განცხადება პატრიარქმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.