
მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს.
საკადრო ცვლილებებზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. სხდომას ოპოზიცია არ ესწრება.
პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის კანდიდატურას სესიაზე მხარი დაუჭირეს, ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა. ასევე, ვიცე-სპიკერები გახდნენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა, რომელთაც მანამდე საპროცედურო საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები ეკავათ.
რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა ირაკლი ბერაიამ, ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს, გარემოს დაცვის კომიტეტს - ნინო წილოსანი.
ამასთან, პარლამენტის განათლების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი - გურამ მაჭარაშვილი.
აღნიშნული საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12 დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩაგდებამ გამოიწვია.