
მმართველი გუნდის წარმომადგენელის, გია ვოლსკის განცხადებით, 2014 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარი ღიად, დაუფარავად მიმდინარეობდა და კონკრეტული სქემაც იყო წარმოდგენილი, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, ვითარება შემდეგ შეიცვალა.
როგორც ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, 24 ივნისიდან მოყოლებული, როცა „ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ის არის საწყისი, რაზეც შეიძლება, კონსესუსი აიგოს და ქვეყნის სტაბილურობისათვის კოალიციური პასუხისმგებლობის წინაპირობა შეიქმნას", არც ერთ დღეს დესტრუქციული ქმედებების გარეშე არ ჩაუვლია.
ვოლსკის განმარტებით, სწორედ მაშინ კიდევ ერთხელ გაუჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნულ ძალებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობაზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნებოდა.
„2014 წლიდან, თუ კარგად გახსოვთ, პირდაპირ ეთერში, საკმაოდ ღიად, დაუფარავად იყო საუბარი რევოლუციურ სცენარზე, რასაც ქადაგებდა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და კონკრეტული სქემაც იყოს წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო განხორციელებული ეს ყველაფერი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიდეს საქმე არჩევნებამდე. შემდეგ გარკვეული გარემოებების გამო, რომელიც ძალიან ბევრია, შეიცვალა ვითარება მნიშვნელოვნად, მაგრამ ეს ეჭვები კიდევ ერთხელ განახლდა, არა მარტო ჩემში, არამედ ბევრ ადამიანში, ვისაც ველაპარაკე. საკმაოდ ფართო წრე გვყავს ყველას მეგობრების, ნაცნობების, მათ შორის განსწავლულების პოლიტიკის სფეროში და მთავარი შეკითხვა, რომელიც წარმოიშვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს, როგორც კი „ქართულმა ოცნებამ" 24 ივნისს გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ პროპორციული არჩევნები არის ის საწყისი, რაზეც შეიძლება, აიგოს კონსესუსი და კოალიციური პასუხისმგებლობის წინაპირობა შეიქმნას სტაბილურობისათვის, იმ დღიდან მოყოლებული, არათუ მეორე დღიდან, არც ერთი დღე არ ყოფილა დესტრუქციული ქმედებებისა და დესტრუქციული განცხადებების გარეშე. მაშინ კიდევ ერთხელ არათუ ეჭვი გამიჩნდა, არამედ მნიშვნელოვანწილად დავეთანხმე იმ კოლეგებს და მეგობრებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ადამიანებთან, ამ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობაზე, ქვეყნისთვის იქნებოდა მნიშვნელოვნად დამაზიანებელი. მე არ ვამბობ, რომ შევცვალე ჩემი მოსაზრება. პროპორციული არჩევნები, ვფიქრობ, რომ გამოსავალია მაინც ქვეყნისთვის, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, ვინაიდან ქვეყანა არ წასულიყო დაშლისაკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც ესოდენ უნდა ვერიდოთ" ,- განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკის განმარტებით, უხერხულობას ქმნის ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ორგანო პოლიციითაა გარშემორტყმული, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს უხერხულობა ძალიან უმნიშვნელოა იმ უხერხულობასთან შედარებით, რომელიც შესაძლოა, სახელმწიფოს შეექმნას, თუ პარლამენტი და სხვა სტრუქტურები მუშაობას არ გააგრძელებენ.
ამასთან, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ 2004 წელს მის ბიუროსთან ახლოს მომხდარი ფაქტი გაიხსენა.
„კიდევ ერთი, ბიუროსთან მოსვლის თემები იყო დღის წესრიგში. ჩემი ბიუროს კუთხეში, 2004 წელს 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა პირველი შეძახილისთანავე პოლიციას და შემდეგ მეორე კუთხეში საკონტროლო გასროლით მოკლეს. აი, ეს მინდა, შევახსენო ახალგაზრდებს. მართალია, ბევრია იქ დღევანდელი, თუ ყოფილი კმარელი, მაგრამ არიან ხალხი, ახალგაზრდები, რომლებსაც ამასთან ემოციური კავშირი არ აქვთ, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, ვის გვერდით დგანან და რა მოთხოვნებს ემორჩილებიან" ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.