
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულისთვის თვალის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორის მოადგილე კონსტანტინე სახვაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით კლინიკაში აქციიდან სამი პირი შეიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაწერილია.
„პირველ პაციენტს გაეწია საჭირო დახმარება. მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ერთ პაციენტს გაეწია სათანადო დახმარება და გაეწერა, მესამე პაციენტს დაზიანება აქვს თვალისა და თვალბუდის არეში. თვალის დაკარგვის საშიშროება არ არის. ამჟამად იმყოფება კლინიკაში და სათანადო კვლევები უტარდება. მას აღენიშნება თვალბუდის ფსკერის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, რომელზეც შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია, ასევე არ არის საჭირო მხედველობაზე ოპერაციის ჩატარება. პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა კონსტანტინე სახვაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უკვე გაეწერა. ამასთან აქციიდან ერთ-ერთი მამაკაცი კლინიკაში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შეიყვანეს.