
(რეზონანსი) მაია გიგაურის დახმარებით 60 000 ადამიანი იტალიურად საუბრობს. მისი თქმით ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, როცა ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში მოხვდა. მაია გიგაურმა ამ ჯგუფის დამაარსებლისგან, გია კვარაცხელიასგან შეთავაზება მიიღო - იტალიური ენის გაკვეთილები ანაზღაურების გარეშე უნდა ჩაეტარებინა.
"ჩვენი მცირერიცხოვანი ემიგრანტული ჯგუფი დღეს 60 000-ზე მეტი წევრისგან შედგება და მას „ემიგრანტების დიდ ოჯახს" ვეძახით. ამ ჯგუფის მთავარი მიზანია, რომ ქართველებს იტალიაში ადაპტაცია გაუადვილოს. ემიგრანტებს ვაწვდით მათთვის საჭირბოროტო თემებზე ინფორმაციას, ზოგჯერ იუმორისტულ ესეებსაც, აქტიურად მიდის სხვადასხვა თემებზე საუბრები და გარჩევები.
აქ შევიძინე უამრავი მეგობარი, რომლებთან ერთადაც ისე ვარ, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ. მათ გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას ამომწურავი პასუხი გავცე. ჩემთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება. უფალს ვთხოვ, შემაძლებინოს სიკეთის კეთება" - ამბობს მაია გიგაური.