ჰიპოპოტამი, მარტორქა, ზებრები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და ყველასთვის სანატრელი ჟირაფები- ეს ცხოველების ის არასრული ჩამონათვალია, რომლის ხილვასაც თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები ახალ ზოოპარკში შეძლებენ.
"აიპრესსი" თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მზია შარაშენიძეს დაუკავშირდა. როგორც მზია "აიპრესს" უყვება, ახალ ზოოპარკში აფრიკული ვოლიერის გაკეთება იგეგმება, სადაც ბინას დაიდებენ აფრიკის სავანაში გავრცელებული ცხოველები, მათ შორის ყველასთვის სანატრელი ჟირაფი.
-ახალ ზოოპარკში იგეგმება, აფრიკის ვოლიერის გაკეთება, ეს იქნება 10 ჰექტარიანი ვოლიერი, სადაც დაიდებენ ბინას აფრიკის სავანაში გავრცელებული ცხოველები: ზებრები, მარტორქა, ანტილოპა და ჟირაფი. ჟირაფების ჩამოყვანა არ არის ჩვენთვის პრობლემა იმ თვალსაზრისით რომ შეგვიძლია მოვძებნოთ შესაბამისი ასაკის და შესაფერისი, ჩამოვიყვანოთ, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ არც ახალ ზოოპარკში გაკეთდება ეს აფრიკის ვოლიერი. ეს არც იაფი ამბავია და არც უახლოეს მომავალში მოხდება.
კითხვაზე, თუ როდის მიიღებს, დამთვალიერებლებს ახალი ზოოპარკი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, მზია შარაძენიძე ამბობს რომ ეს საკმაოდ დიდ დროს და თანხებს მოითხოვს, რასაც გრძელვადიან პერიოდი სჭირდება.
-ჯერ ძალიან ძნელი სათქმელია, თუ როდის გაიხსნება თბილისის ზოოპარკი. პირველ ეტაპზე, გვინდა გავხსნათ კავკასიის ექსპოზიციის რაღაც ნაწილი, რომ მაინც იყოს ხელმისაწვდომი დამთვალიერებლებისთვის. მთლიან გახსნაზე არც არის საუბარი. ზოოპარკის მთლიანი მშენებლობა ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება",-ამბობს მზია შარაშენიძე.