
მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს სიმბოლურად "ბოქლომი" დაადეს. მათ თავდაპირველად რეზიდენციის შესასვლელის "დაბოქლომება" სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა საპოლიციო კორდონმა კართან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დემონსტრანტებს შესასვლელისგან დისტანცირებას სთხოვდნენ, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეების მტკიცებით, კი, შენობის ბლოკირება მათ გეგმებში არ შედიოდა და მხოლოდ სიმბოლურად სურდათ ბოქლომის დადება რეზიდენციის შესასვლელზე. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა ბოქლომი რეზიდენციის ღობეს დაადეს. გასაღები კი თავად რეზიდენციის ეზოში გადააგდეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტს ბრალს უმოქმედობაში სდებენ, და აცხადებენ, რომ მან არაფერი მოიმოქმედა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად. აქტივისტების თქმით, ისინი მივლენ და "დააბოქლომებენ" ყველა შენობას, სადაც მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებიან.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს გუშინ მოუწოდა, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა კვლავ გაგრძელდეს პარლამენტში და გამოინახოს გამოსავალი პარლამენტმა გამოსავალი, რათა საქართველოს მოქალაქეებს სამართლიანი არჩევნების გზით მიეცეთ ნების გამოხატვის შესაძლებლობა.