
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი არასრულწლოვანი მოიწამლა.
შემთხვევა ვარკეთილში, გაქირავებულ ბინაში მოხდა. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა აკრძალული, ღია კამერიანი გამათბობლიდან მოხდა. ბავშვები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება.
"თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, კომპანიამ ერთხელ უკვე ჩაჭრა საშიში დანადგარი, რომელიც მოგვიანებით, თიდნებურად კვლავ მიაერთეს ქსელზე.
"ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, რომ ვარკეთილის რაიონში, ერთ-ერთი მისამართიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი ცეოზე იყო. მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. თუმცა, აღმოჩნდა რომ გაქირავებულ ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადაურჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზიც ეს ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე „თბილისი ენერჯის" ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა, მოგვიანებით იგივე დანადგარი თვითნებურად დააერთეს ქსელზე - აცხადებენ კომპანიაში.
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, სტატისტიკურად, მოწამვლის და გარდაცვალების 70 პროცენტი გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება, სადაც ბინის მეპატრონეები არ იცავენ გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს და ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ.
კომპანია „თბილისი ენერჯი" კატეგორიულად აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ღია წვის კამერიანი დანადგარები სახიფათოა სიცოცხლისათვის და მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები, თვითნებურად არ დააერთოთ ჩახსნილი დანადგარები, ხშირად გაანიავონ საცხოვრებელი ფართი და არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.