2017 წელს რუსი სამხედროების მიერ სირიაში ადგილობრივი მამაკაცის სასტიკი მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კადრებზე ჩანს როგორ აწამებდნენ და ჩაქუჩს და ნიჩბებს ურტყამდნენ ხელებში ძირს დაგდებულ არაბული შესახედაობის მქონე მამაკაცს რუსულად მოსაუბრე ჯარისკაცები, რომლებსაც სახეზე ხელსახოცები აქვთ აფარებული. სამი მათგანის ვინაობა ჟურნალისტებმა დაადგინეს.
ვიდეოზე ჩანს, როგორ აწამებენ და მოკვლის შემდეგ როგორ აჭრიან მამაკაცს თავს და დამტვრეულ ხელებს. ჩანს, როგორ ჩამოკიდეს ფეხებით და დაწვეს სირიელის გვამი. მოკლული, სავარაუდოდ, დეზერტირი იყო, რომელმაც ბაშარ ასადის ჯარი დატოვა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს რუსი ჯარისკაცები კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის" მებრძოლები არიან, რომელიც სირიასა და რუსეთისათვის საინტერესო სხვა „ცხელ წერტილებში" მოსკოვის ხელდასხმით მოქმედებს.
რუსული გამოცემა „ფონტანკას" ჟურნალისტებმა ვიდეოზე ნაჩვენები სამი მათგანის ვინაობა დაადგინეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მათგანი ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად მუშაობ დღემდე, მეორე პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც ალკოჰოლიზმის გამო გაათავისუფლეს, ხოლო მესამე მკვდარია.
ზოლიანი მაისურითა და თავზე ნაჭერშემოხვეული მამაკაცი რუსეთის ქალაქ ბრიანსკის მცხოვრები 39 წლის რუსლანია, რომლის გვარიც არ დაასახელეს. რუსლანი ჩეჩნეთში მსახურობდა და ომის ვეტერანად ითვლება. სირიაში თავის ყოფნას კი კატეგორიულად უარყოფს.
რუსმა ჟურნალისტებთან მასთან დაკავშირება შეძლეს. რუსლანი აცხადებს, რომ როსტოვის გარდა წლების განმავლობაში არსად არ ყოფილა, ხოლო იმ დროს, როდესაც ვიდეოა გადაღებული, „საკუთარ მაღაზიაში იყო, სადაც ავტონაწილებს ჰყიდის".
მისი კომენტარის საპირისპიროდ, საინფორმაციო სააგენტო „ფონტანკა" წერს, რომ რუსლანი მისმა ნაცნობებმა ამოიცნეს ბრიანსკიდან. მათივე თქმით, 2017 წელს ის სირიაში მივლინებით იყო წასული. ამას ადასტურებს ისიც, რომ რუსლანის საპასპორტო მონაცემების მქონე პირი 2017 წლის იანვარში როსტოვიდან დამასკოში Cham Wings Airlines-ის ჩარტერული რეისითგადაფრინდა.
ამჟამად რუსლანი, მისივე თქმით, ბრიანსკის გაგარინის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა სასახლეში მოხალისედ მუშაობს, სადაც სკოლებს ბუნებაში ორიენტირებისა და ტურიზმის კუთხით მოსწავლეთა შეჯიბრებების ორგანიზებასა და ჩატარებაში ეხმარება.
რაც შეეხება ვიდეოზე ასახული მეროე პირის იდენტიფიცირებას, „ნოვაია გაზეტამ" სერვის FindClone-ის (იპოვე კლონი) მეშვეობით კიდევ ერთი „ვაგნერელის" სავარაუდო ვინაობა დაადგინა. სკანდალურ ვიდეოზე, სავარაუდოდ, ასახულია სტავროპოლის ავტოსაპატრულო სამსახურის თანამშრომელი სტანისლავ დ.
გაზეთი ადასტურებს, რომ მათ ხელთ აქვთ სტანისლავის პასპორტის ქსეროასლი, „ვაგნერის" რიგებში მოსახვედრად მის მიერ შევსებული ანკეტა, ბიოგრაფია და ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ დადებული პირობა.
2014 წელს ის სამსახურიდან , სავარაუდოდ, ალკოჰოლიზმის გამო გაათავისუფლეს, თუმცა იმავე წელს სასამართლოს დადგენილების საფუძველზე აღადგინა თავისი სტატუსი, თუმცა შსს-ში მუშაობა არ გაუგრძელებია.
მესამე, რომელსაც „ვოლკის" (მგელი) ზედმეტსახელით მოიხსენიებენ ვიდეომასალაში, სავარაუდოდ არის 1988 წელს დაბადებული ვლადისლავ ა., რომელიც 2018 წლის თებერვალში დაირ-ელ-ზავრთან , ბუნებრივი აირის საბადოებისთვის ბრძოლისას ამერიკული ავიაციის დაბომბვას შეეწირა. მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და იყო როგორც რუსეთის, ასევე მოლდოვის მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში სირიელი ტყვეს წამებისა და მკვლელობის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ასევე გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს იყო „ვაგნერელების" საპასუხო ქმედება არაბი მებრძოლების მიერ რუსი ტყვეების ანალოგიურ წამებაზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე"-ში აკაუნტზე „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი - სამხედრო მიმოხილვა" გაჩნდა ანონიმი მომხმარებლის ჩანაწერი:
„სხვა რა უნდა ექნათ? ბიჭებს ჯერ კიდევ ახსოვდათ ყველაფერი და ზუსტად ისე მოექცნენ მას, როგორც ის მოექცა ჩვენსას... პასუხი იყო... არაფერი პირადულ;ი, უბრალოდ ბოროტებასთან ბრძოლაა", - წერს ანონიმი ავტორი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კარდები „შოკისმომგვრელი" იყო, მაგრამ დასძენს, რომ ვეიდეოში ასახულ პირებთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და ამატებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ რუს სამხედროებთან, თუმცა, პესკოვი გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს.