რეზონანსი
22.11.2019

(რეზონანსი) დედოფლისწყაროში მომხდარი საზრელი ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის მასწავლებელი, ეკა თარაშვილი ფეისბუქზე ემოციურ პოსტს ავრცელებს:

„ზურაბ, დღეს ჩვენს სოფელში ტკივილმა გული დაგვიმდუღრა და შავმა მოიცვა უდარდელი ბავშვთა სამყარო. რამდენი სიყვარული გაგიცია, რომ ასე ააცრემლე უმანკო თვალები, თუმცა განა შენ კი გინდოდა? რა მხიარულად და აზრიანად გაგიტარებია გუშინდელი მოაზროვნეთა შეჯიბრი. და ეს უკანასკნელი ყოფილა შენთვის. როგორი ხალისით გაიპარე ოთხი დღის წინ კლასელებთან ერთად სკოლიდან. და ესეც უკანასკნელად. როგორ შინაარსიანად შეასრულე ჩემი დავალება მომავალი სასკოლო ღონისძიებისთვის, სადაც პრეზენტაცია უნდა გქონოდა. ეს კი ვეღარ შეძელი ჩვენთან ერთად. როგორ გადმოვცე ის, რაც ჩვენი ლამაზი სკოლის კედლებსა და დერეფნებში დღეს, დილას ხდებოდა. თვალებაწითლებულ, ნამტირალევ და უიმედო გოგო-ბიჭებს გაკვეთილებს ვუტარებდით, ასეთივე თვალები გვქონდა ჩვენც. მერე კი შენს ოჯახს გვერდით დავუდექით, თუმცა რა უძლური აღმოჩნდა სიტყვა, რომელიც ხორხიდან აღმომსკდარმა ტირილმა გაწყვიტა. როგორ ვანუგეშოთ დედა, მამა, ძმა, ძმობილები. და როგორ ვინუგეშოთ მთელი სკოლა და სოფელი, რომ 16 წლის უმანკო სიცოცხლე ხელიდან გაგვიფრინდა. შენს დიდ, ცისფერ თვალებში ცა სამუდამოდ აირეკლა, ზურაბ, დედა ღვთისმშობელი იყოს მეოხი შენი სულისა!",- წერს სოციალურ ქსელში 16 წლის გარდაცვლილი ბიჭის მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 19 ნოემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად, 16 წლის ზურა მარტყოფლიშვილი გარდაიცვალა. მისი თანაკლასელი კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×