
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული. კრისტოფ კასტანერის თქმით, საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ძალიან მკაცრები იქნებიან და თავშესაფარს მხოლოდ მათ შესთავაზებს, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს:
"ამა წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს.
მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული.
მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს," - აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.