
17 ნოემბერს ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეში საინტერესო დეტალებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი". როგორც ცენტრის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, ლევან აბაშიძემ, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, დახმარებისთვის ცენტრს რამდენჯერმე მიმართა.
ლევან აბაშიძე 2016 წლის 9 სექტემბრით დათარიღებულ წერილში "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართავს და წერს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან იდევნება.
"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (გულისხმობს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები) ჩემთან სახლში მოვიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. დედაჩემს სთხოვეს, რომ ჩემთვის დაერეკა და ეთქვა ეს ამბავი. დედას ვთხოვე, დაელაპარაკებინა რომელიმე მათგანი. ვესაუბრე მათგან ერთ-ერთს და ვთხოვე, არ ენერვიულებინათ ადამიანი, ხუთ წუთში სახლში ვიქნებოდი.
ამ დროს მე ვიმყოფებოდი აბაშიძის ქუჩაზე, მეგობართან. წავედი სახლში. სადარბაზოსთან დამხვდა ორი შავი "ტოიოტა ქამრის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც არავინ იჯდა. სახლში დამხვდა ხუთი ან მეტი ადამიანი.
არასოდეს ვყოფილვარ ციხეში, არასოდეს ვყოფილვარ ნასამართლევი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მომთხოვეს ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში, თუ არა შენს თავს დააბრალე რაც მოგივაო და წავიდნენ.
დავემორჩილე მათ მოთხოვნას იმ იმედით, რომ არჩევნები ჩაივლიდა და შევძლებდი გაურკვევლობის გარკვევას და სახლში დაბრუნებას. მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, თითქოს არც ვარსებობ. გთხოვთ, დამიცვათ და დამეხმაროთ გაგებაში, რა ხდება ჩემს თავს“ - წერდა გარდაცვლილი ლევან აბაშიძე 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში.
