რეზონანსი
16.11.2019

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა, რომელსაც ავტოიმუნური დაავადება გაფანტული სკლეროზი აწუხებს, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც ამბობს, უფინანსობის გამო წამლის ყიდვა უჭირს. ვარსკვლავმა რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო კონცერტიც გამართა. იმედოვნებდა, იმდენ ფულს მოაგროვებდა, რომ სხვა დაავადებულებსაც უწილადებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე თანხა მოგროვდა.

"ერთხელ რომ შევალ აფთიაქში, იმდენი შემოვიდა კონცერტიდან. არ გამიპიარებია ეს ამბავი. ტელეარხები არ ყოფილან. სამაგიეროდ ფანტასტიკური კონცერტი გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ტაში-ტუში მომღერალი რომ ვყოფილიყავი, დარბაზი გადაივსებოდა და სპონსორებიც გამომიჩნდებოდნენ, მაგრამ ახლა აქედან შემოსული თანხა არ მაძლევს საშუალებას, რომ ვიმკურნალო. ნაწყენი ვარ. თბილისი სიყვარულის ქალაქი იყო, დღეს კი რა ხდება, არ ვიცი.

გადასაღები მაქვს ხერხემალი, მარჯვენა ფეხი და ხელი… მარცხენა მხარეს თავის საშინელი ტკივილები მაქვს. მაქვს ასევე ალერგიული რეაქციები და 24 საათი წამლებს ვსვამ, რომლებიც იმ წუთას მიხსნის ტკივილს. ეს დაავადება დიდი ხანია მქონია და ვერავინ იგებდა. მთელი ცხოვრება დავიტანჯე. მაწუხებდა რაღაც და არ ვიცოდი, რა მჭირდა. ხან რის ექიმთან მივდიოდი და ხან რის.

ერთი პერიოდი სახის მარჯვენა მხარე წამერთვა, ვეღარ ვაკონტროლებდი, პარალიზებული მქონდა. უცბათ დამინიშნეს მკურნალობა და გამოვედი მდგომარეობიდან. ძალიან მიჭირს სიარული. თუ დამეღალა წელი და ხერხემალი, თუ არ დავჯექი, ფეხს და ხელს ვეღარ ვაკონტროლებ. თვალებშიც გადამითეთრდება ხოლმე. მეტყველებასაც მიშლის. ახლა კი ვმეტყველებ, მაგრამ პერიოდულად მიჭირს.

მაინც არ ვწევარ. შემიძლია თუ არა, ყოველდღე ჩავდივარ ჩემი 5 წლის შვილიშვილთან, ლუკასთან ერთად და ცოტას დავდივარ, რომ სისხლმა იმოძრაოს. ვფიქრობ, რომ ჩავწვე, მერე უარესი იქნება. თუ გართულებული მაქვს მდგომარეობა, სიმღერაშიც ხელს მიშლის. ვცდილობ, დიდხანს არ ვიდგე ფეხზე, რომ ხერხემალი არ დამეღალოს. ყოველდღე მაქვს თავის ტკივილი და ალერგია. ჩემი ენერგია სადამდე გაქაჩავს, არ ვიცი.

(სარკე)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×