
(რეზონანსი) 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობაში ბრალდებული დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დეპუტატი ემზარ კვიციანი, ამბობს, რომ ბექა კვიციანი თავად დაარწმუნა ჩაბარებოდა პოლიციას.
„ბექა თავად ჩაბარდა პოლიციას. ვესაუბრე მას და დავარწმუნე, რომ ჯობდა ჩაბარებოდა. ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, კერძოდ, სააკაძეზე ფეხით მიდიოდა და იქ გადავაწყდი. არაფერს ყვება, იცინოდა, არ ახსოვს არაფერი. მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. ვფიქრობ, ჩასვამენ და უმკურნალებენ. მეტს ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს ემზარ კვიციანი.
ბექა კვიციანი მამიდა, ნორა კვიციანი მომხდარით შეძრულია და ამბობს, რომ მისი ძმისშვილი სავარაუდოდ, წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
„გაოგნებული და განადგურებული ვარ იმით, რაც მოხდა. ბექა თურმე სრულ ჭკუაზე არ არის, მერჩივნა ის ყოფილიყო მკვდარი. წუხელ ჩაბარდა პოლიციას, ჩემმა ძმამ ნახა შემთხვევით ქუჩაში, სააკაძეზე, აზრზე არ არის, იცინის, არაფერი ახსოვს, უთქვამს, რა დავაშავეო. სიკვდილის ტოლფასია ეს ჩვენთვის. ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცოდით ეს დღეები, ახლა როცა ეს ამბავი გავიგე, მართლა მერჩივნა ბექა მოეკლათ, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს. ასეთი მოსიყვარულე ოჯახები იყვნენ, იმხელა სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის, ბავშვობიდან ერთად იყვნენ. ნოდარის დედა რომ გააკეთებდა საჭმელს, ბექას ეძახდა. მისი ბავშვი ჰყავს მონათლული და ასეთი სასწაული რამ ჩაადენინა, არ ვიცი. ამბობენ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყოო. სრულ ჭკუაზე ასეთ რამეს როგორ ჩაიდენდა. დაპირისპირება მათ შორის არ არსებობდა, ეს გამორიცხულია", - განაცხადა ნორა კვიციანმა.
კვირისპალიტრა