რეზონანსი
11.11.2019

 

8 ნოემბერს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე მისულ სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს, აქციის მონაწილეებმა ქვა ესროლეს. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ანა სუბელიანმა ის საღამო კინოს ნაცვლად საავადმყოფოში გაატარა. ფილმის სანახავად სუბელიანი კინოთეატრს მეორედ დღეს სტუმრობდა. ამჯერად, დარბაზში შესვლამდე მშვიდობიანად მივიდა და არანაირ ექცეს ადგილი არ ჰქონია.

„ფილმის ნახვის საშუალება დღეს პირველად მეძლევა. 8 ნოემბერს მე და რამდენიმე უფლებადამცველმა კინოთეატრ ამირანში მოვაცილეთ ის ადამიანები, რომლებიც საფრთხეს გრძნობდნენ და გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ უსაფრთხოდ შევიდოდნენ კინოთეატრში. როგორც კი მოვედით, ბექა ვარდოსანიძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, მაშინვე მოახდინეს ჩვენი იდენტიფიცირება და დაგვიწყეს მუქარა. მათ მობილიზება მოახდინეს აგრესიული ჯგუფების. ფაქტობრივად ალყაში მოვექეცით. ერთ-ერთმა პოლიციელმა ნაცვლად ჩვენი დაცვისა, ისიც კი გვითხრა, ხომ ხედავთ აგრესიულები არიან, დატოვეთ აქაურობაო. მხოლოდ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მობილიზების შემდეგ უზრუნველყო პოლიციამ შედარებით დაცულ ტერიტორიაზე ჩვენი შეყვანა. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა ის ინციდენტი. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი, მას ხვალ წარედგინება ბრალი სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ მუხლს დაემატოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მუხლი, რადგან ეს სწორედ ასეთი დანაშაული იყო. ასევე მოვითხოვთ, ამ ძალადობრივი მასის ორგანიზატორების დასჯასაც და იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებმაც, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, არ დაიცვეს ჩვენი უსაფრთხოება." - განაცხადა ანი სუბელიანმა.

შეგახსენებთ, თბილისში, 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ - შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-9 ნოემბერს გაიმართა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×