რეზონანსი
10.11.2019

 სირიაში თურქეთისა და სირიის სამხედრო ნაწილებს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა. საინფორმაციო წყაროების ცნობით, ბრძოლა სისხლისმღვრელი იყო, მხარეებმა გამოიყენეს მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია, ასევე სამხედრო დრონები. ბრძოლის შედეგები კი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ინფორმაცია თურქული და სირიული არმიების მასშტაბური ბრძოლის შესახებ ორმა საინფორმაციო წყარომ გაავრცელა. სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „სანას" ცნობით, შეტაკება 9 ნოემბერს ჰასაკის პროვინციაში, ქალაქ რას ალ-აინის მახლობლად მდებარე სოფელ სოფელ უმ-შეიფთან მოხდა და მასში თურქული არმიის მხარეს დაჯგუფება „სირიის ეროვნული არმიის" მებრძოლებიც იყვნენ ჩართული.

სააგენტო „სანა" არაფერს იტყობინება არც მხარეების დანაკარგებზე და არც ბრძოლის შედეგებზე.

ლონდონში ბაზირებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის" ინფორმაციით კი, ბრძოლა სოფელ თელ-შეუერთან მოხდა. ამ წყაროს ინფორმაციით, შეტაკება თურქული ნაწილების იერიშით დაიწყო, რომლებმაიც იქ განლაგებულ სირიულ სამხედრო ნაწილებს პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი. ამასთან, თურქებმა საბრძოლო მოქმედებებში სადაზვერვო და საბრძოლო დრონებიც გამოიყენეს.

ვითარება დაძაბული რჩება და ჯერჯერობით გაურკვეველია რა გაგრძელება მოჰყვება ყოველივე ამას და რამდენად შესაძლებელია სირიის სამოქალაქო ომი სირია-თურქეთის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

ალექსანდრე კორტავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×