
(რეზონანსი) „არ მესმის, 5-6 წლის გაშორებული ქმარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ყოფილ ცოლს და რატომ უნდა აკვირდებოდეს მის ცხოვრებას", - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი რატი დურგლიშვილი აკეთებს, რითაც ოჯახური ძალადობის ფაქტების გახშირებას ეხმაურება.
„მე ბოლომდე ვერც ვუყურე სიუჟეტს, სადაც რამდენიმე კვირის წინ მოკლულ გოგონაზე საუბრობდნენ. ასეთი ფაქტები შემზარავია ნებისმიერი ადამიანისთვის. როდესაც შენს მეორე ნახევარს ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებ და ფიზიკურად კი არა, თუნდაც სიტყვიერად შეურაცხყოფ, ეს უკვე ძალადობაა. სულ სხვა საკითხია, რომ ხშირად პოზიციებს არც ერთი მხარე თმობს და კონფლიქტიც ამის გამო წარმოიშობა, მიუხედავად ამისა, ქალზე ძალადობა მაინც დაუშვებლად მიმაჩნია. მე ვერ წარმომიდგენია, მამაკაცმა ქალზე ხელი როგორ უნდა აღმართოს ან ეს აგრესია საიდან მოდის.
ისიც არ მესმის, 5-6 წლის გაშორებული ქმარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ყოფილ ცოლს და რატომ უნდა აკვირდებოდეს მის ცხოვრებას. ალბათ, ეს უფრო ეგოიზმის დამსახურებაა. მესაკუთრეობის განცდა ძალიან ცუდი რამ არის. არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანი თავის საკუთრებად მიიჩნიოს და ახალი ცხოვრების დაწყების უფლება წაართვას. ოჯახები იშლება, ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და უცხონი ხდებიან, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია. ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კონფლიქტი ქალის პროვოცირებულია. მე ეს საკუთარ თავზე გამომიცდია და ვიცი, ასეთ დროს ადამიანმა ყველაფერი ცივი გონებით უნდა განჭვრიტოს და კონფლიქტი გონივრულად გადაწყვიტოს", - ამბობს მომღერალი რატი დურგლიშვილის „გზასთან".