რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) ყოველ დღე, ვისაც გყავთ მშობლები ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა, დედაო, მამაო, დამლოცეთ მე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ნიჭზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, რომ ნიჭიერი ადამიანები უნდა დააფასონ, რადგან უნიჭო ადამიანი არ არსებობს.

„ნიჭი ეძლევა ღვთისაგან, ვისაც გაქვთ რაიმე ნიჭი, მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული, ეს არის საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი, უნდა დააფასოთ, ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში ამოუდგეთ და თქვენც იქნებით გახარებული და ისიც. არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის მოძებნა, გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანები არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს იმ ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით.

შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერნი. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!", - ბრძანა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×