რეზონანსი
07.11.2019

 (რეზონანსი)საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე/ბლოკზე და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ასევე, 21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას -4000 ლარის ოდენობით.

აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა).

აღნიშნულ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×