
მიტროპოლიტი მელქისედეკ (ელიზბარ) დიაკონიძე ბოლო დროს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე გამორჩეული პირდაპირობით საუბრობს. როგორც მან "ალიასთა" საუბრისას აღნიშნა, ახლა არის უმძიმესი პერიოდი, ჩემი ქვეყნის მომავლისთვის, ვინ გადარჩება, ვინ არის გაბრწყინებული ივერიის მკვიდრობის ღირსი სწორედ ახლა გამოჩნდება.
"გამოვლინდა ვინაა წურბელა, ვინ არის ერთგული ღვთისა და საპატრიარქო ტახტისა. აქ საუბარი არ არის კათოლიკოს-პატრიარქის ერთგულებაზე და სიყვარულზე - საუბარია უკვე საპატრიარქო ტახტის ერთგულებასა და სიყვარულზე. კეთილმოსურნე ძალიან მცირეა, ჩემი ნაცნობებიდან, ძველებიდან, ახლებს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არც ახლებში მეგულება ბევრი.
ძალიან ცოტა ვიცი, საპატრიარქოს ტახტის ერთგული. შემიძლია, ერთგულები ჩამოვთვალო: მიტროპოლიტი იობი, მთავარეპისკოპოსი ილარიონი, მიტროპოლიტი სერაფიმი, რომელიც უსინდისოდ გააგდეს, მიტროპოლიტი ქრისტეფორე, ცხუმმიტროპოლიტი ქერუდიმი (განუდგა, ასევე), მთავარეპისკოპოსი იოანე გამრეკელი, დიდი მოღვაწე, აწგანსვენებული მთავარეპისკოპოსი ამბროსი, საპატრიარქო ტახტის ერთგული ადამიანი, რომელიც სამღვდელოების პირებმა მოაკვდინეს, შეუკვეთეს მისი სიკვდილი, ან ხელის შეუწყვეს მის მკვლელობას - გაზი არ ჰქონდა სახლში შეყვანილი, დენის გამაცხელებლით, ე.წ. „ატმორით“ აცხელებდა წყალს და ბანაობისას, აბაზანაში გაზით გაიგუდაო. როგორ გაგუდავდა არარსებული გაზი?
ვინ არის საპატრიარქო ტახტის მტერი? - ეშმაკი, სატანა, მისი მიმდევრები. გვარები გაინტერესებთ? ბევრნი არიან, ვერ ჩამოვთვლი. ასეა, სადაც დიდი სიწმინდეა, იქ არიან ეშმაკები. ერთი გლეხი გზად მიდიოდა. ჩაუარა დაკეტილ ეკლესიას, ხედავს სახურავზე ერთი ეშმაკი ზის, გადაიწერა პირჯვარი გააგრძელა გზა. შეხვდა მეორე ეკლესია, სადაც წირვა ტარდებოდა, ბევრი ხალხი იყო მისული, ამ ეკლესიის სახურავზე იმდენი ეშმაკი იჯდა, ტევა არ იყო. გაუკვირდა გლეხს - იქ ერთი ეშმაკი იჯდა, აქ ამდენი ხართ, თავზე ასხედხართ ერთმანეთს, ის მარტო რატომ დატოვეთო? - აქ არის ჩვენი სამუშაო, აქაა ხალხი და სიწმინდეც აქაა - იქ არავინ შედის და დარაჯად ერთი ეშმაკიც საკმარისიაო, უპასუხეს.
მეუფე იაკობი გახლავთ ერთ-ერთი მტერი ზვიად გამსახურდიას და მისი ეპოქის დასრულებაში იღებდა მონაწილეობას. ისევე, როგორც, ისტორიას რომ გადავხედოთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეკლესია ებრძოდა ზვიადს, რამდენიმე წევრის გარდა. რუსთაველზე, ბარიკადებზე, ერთადერთი მოძღვარი - დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი იდგა და მოუწოდებდა ორივე მხარეს - არ გაესროლათ. მეუფე იაკობი ხაზარაძესთან და კვირიკაშვილთან რომ იყო კუდი კუდზე გადაფსკვნილი, მაშინ არ იყოს ცუდი კვირიკაშვილი? ახლა რომ ამხილა ივანიშვილმა და მოიცილა, ახლაა კვირიკაშვილი ცუდი? გახარია არ არის პატიოსანიო, არ გადაჯდა მაგათ ნავში გახარია და იმიტომ.
პეტრე დარჩა იმად, რაც იყო, მაგრამ ადრე თუ კერძო ჯიბეში ძვრებოდა, ახლა დიდი ჯიბეში ჩაყო ხელი. საპატრიარქოს და წმინდა ჯიბეში ჩაყო ხელი, გარედან არ ჩანს, საპატრიარქოს წმინდა ჯიბეში ხელის ჩაყოფა, მაგრამ შიგნიდან ხომ ჩანს? გაისუსა ყველა და მე არ გავჩუმდი, იმიტომ კი არა, რომ მეც მინდოდა იმ ჯიბეში ხელის ჩაყოფა? - არ შეიძლება წმინდა ჯიბეში ხელის ჩაყოფა და იმიტომ.
ანაფორის სახელით, ართმევდა ადამიანებს მიწევს, ტყეებში ხეებს ჭრიდა და თურქეთში ყიდდა და უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება. გაიწია პატრიარქზეო, ის რომ სინდისიერი იყოს, ამ დღეში არ აღმოჩნდებოდა. სამეგრელოში, 6 თვით უფროსი ადამიანი რომ გესაუბრება, ფეხზე დგები - რანგით უფროსზე, ხარისხით უფროსზე, სიწმინდით უფროსზე - გაიწია. მაგრამ, პატრიარქი მოწყალეა.
ჩემი დასაცავი რომ შეიქმნებოდა, ვის ეგონა? მე ვსაყვედურობდი, როგორც მამას და ისინი იცავდნენ და თურმე, კი არ იცავდნენ, ახლოს მისვლას ცდილობდნენ უბრალოდ.
ხალხმა უნდა ვთქვათ სათქმელი, დღეს მეფე არ გვყავს და რაც აღმაშენებელმა ქნა, ის ხალხმა უნდა გავაკეთოთ. დავაყენოთ მოთხოვნა - აგერ ვდგავართ პატრიარქო, შენს გვერდით და გამოყარე სინოდის ეგ წევრები. მაგრამ ერთი პრობლემაა, გურამიშვილის არ იყოს: „გადედლებული შიშისგან, აღარ ვარგოდნენ მამლადა“. ეკლესიაც მშიშარაა დღეს და ერიც. ეს არ არის ის შიში, რომელიც სიყვარულს შეიქმნის, სიყვარულს შეიქმნის ღვთის შიში და არა კაცის ჯოხი:, - განუცხადა "ალიას" მიტროპოლიტმა.