ახლა მიმდინარეობს გადაბარების პროცესი და ამ პროცესში გაირკვევა ყველაფერი, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მეუფე იოანემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესული ზარებისა და იმ მოწმეების გამოჩენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც მიწებთან დაკავშირებით ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს პრეტენზიებს უყენებენ. როგორც მეუფე აღნიშნავს, კომისია მუშაობს და ყველა საკითხს პასუხი კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გაეცემა.
ამასთან, როგორც მეუფე იოანე აღნიშნავს, ის ჭყონდიდის ეპარქიაში ამჟამად ამბროსი ხელაიას სახელობის სასულიერო სკოლა-გიმნაზიაში არსებული ვითარების შესასწავლად არის ჩამოსული.
„ჩვენ ჩამოვედით, რათა სკოლის პრობლემები მოვაგვაროთ. უნდა მოხდეს გადაბარება, რათა ბავშვები არ დარჩნენ კვების გარეშე. ხელშეკრულებები გაგრძელდეს ნორმალურ რეჟიმში. ჩვენ ახლა გავარკვიეთ სკოლის ფინანსური მდგომარეობა. ყველაფერი ნორმალურადაა. წლის ბოლომდე ყველაფერი გარანტირებულია", - განაცხადა მეუფე იოანემ.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს, მეუფე იოანე აღნიშნავს, რომ მას სასჯელი იმ არაკორექტული განცხადებების გამო დაუდგინა, რომელიც მან საჯაროდ გააკეთა.
„მეუფე პეტრეს პოლიტიკური განცხადებები მე არ გამიგია. სასჯელი, რაც დაუდგინდა, არის იმის გამო, რომ მეუფეს ჰქონდა არაკორექტული გამოთქმები, ისევე როგორც მეუფე იაკობს. მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა, თუმცა ამის მიუხედავად, სასჯელი მაინც მიიღო - თანამდებობიდან გათავისუფლდა. მეუფე პეტრე კი არ აღიარებდა თავის დანაშაულს, რომ მას ჰქონდა არაკორექტული გამოთქმები. მეუფე ამტკიცებს, რომ ის ყველაფერში მართალია", - დასძინა მეუფე იოანემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი