ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა რუსი ოკუპანტების გააქტიურების შესახებ იტყობინება, ამჯერად ხურვალეთიდან. მისი თქმით, ხელისუფლების დუმილის პირობებში ოკუპანტებმა ხურვალეთში საინჟინრო სამუშაოები დაიწყეს და გდულეთი-ბერშუეთის მიმართულებით მუშაობენ. ოკუპანტთა ტექნიკა სასაფლაოს ტერიტორიაზე გამოჩნდა - ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ხურვალეთში რუსები აქტიურად მუშაობენ და სავარაუდოდ ორჭოსანიდან ხურვალეთის გავლით გდულეთი-ბერშუეთის მიმართულებით აწარმოებენ საინჟინრო სამუშაოებს.ხელისუფლება კი ისევ ჩუმად არის.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები გააქტიურდებიან საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთებზე, ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსებმა შეუფერხებლად იმუშაონ და ჩვენი მიწა-წყლის არაერთი კილომეტრი შეღობონ.", - წერს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, დავით ქაცარავა და მისი გუნდის სხვა წევრები, რომლებიც საოკუპაციო ზოლზე, შიდა ქართლის მონაკვეთზე 2017 წლის ივლისიდან ატარებენ სამოქალაქო პატრულირებვას და რუსი ოკუპანტების აქტივობას აკვირდებიან, ხელისუფლებამ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში არ შეუშვა, სადაც მათ ადგილობრივმა მცხოვრებმა სახლი დაუთმო. ატოცში, სადაც სამოქალაქო აქტივობისა და ქაცარავას გუნდის 24/7 რეჟიმში პატრულირების გამო შეჩერებული იყო რუსული მცოცავი ოკუპაცია, ოკუპანტებმა უკანონო ბოძებზე ღობე გაავლეს.
წყარო: ნიუპოსტი