„ლავასოღლის“ მეტსახელით ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძის ოჯახის წევრები და ნათესავები ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი „ლავასოღლის“ საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მინდია ლავასოღლი ერთი წელია თურქეთში უკანონო პატიმრობაშია და მას არც ბრალი აქვს წარდგენილი.
ოჯახს ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, „ეპატრონოს მის მოქალაქეს“. მათივე თქმით, „ლავასოღლი“ მძიმე პირობებში იმყოფება. ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, ექსტრადირების პროცესი არ მიმდინარეობს.
„ჩემი ძმა მძიმე პირობებშია. მათ ქვეყანაშია ჩემი ძმა და მას არანაირი ბრალი არა აქვს. რა უნდათ, გამცენ პასუხი, იგი საქართველოს მოქალაქეა. აქ ბანდის წევრები არ არიან, აქ არიან ჩემი ოჯახი და მეგობრები. გუშინ ჩამოვფრინდი თურქეთიდან, იგი გაურკვევლობაშია და ჩემგან ელოდება პასუხს. მე იურიდიულ ფორმებს არ გადავაჭარბებ. გამცენ პასუხი, რატომ ზის ციხეში უკვე ერთი წელია“, - განაცხადა „ლავასოღლის“ დამ ირინა გორაძემ.
კანონიერი ქურდობისთვის „ლავასოღლი“ საქართველოში ორჯერ არის გასამართლებული.