(რეზონანსი) ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გადაყენებული მეუფე პეტრე ეპარქიას 4 ნომებრს, ნაშუადღევს დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მეუფემ ასევე განაცხადა, რომ სინოდის სხდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მას ტელეკომპანია "ერთსულოვნების" პირდაპირ ეთერში გააშუქებენ.
"გაგიმხელთ, რომ ხვალ ეპარქიიდან გავდივარ. სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის „ერთსულოვნების" მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ერთსულოვნებისთვის ჯერ ბერში და შემდეგ ერში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ცაავა ეპარქიას 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ამიერიდან კი, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ის შიომღვიმის ეკლესიაში განამწესეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის ბრძანების მიუხედავად, პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში არ წავა და ინჩხურის მონასტრის დათმობა ითხოვა, თუმცა ინჩხურის მონასტრის დათმობაზე პეტრე ცაავას თხოვნა არ დაკმაყოფილდა.