რეზონანსი
02.11.2019

(რეზონანსი) მას აქვს ერთადერთი მიზანი, მაშინვე ვთქვი, რომ ის მიადგება პატრიარქს, მას პატრიარქის გადაყენება უნდა, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ამას თავიდან ხმამაღლა ვერ ამბობდა, რადგან პატრიარქისადმი ერის სიყვარული იცოდა.

„მას არ უნდა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყოს პატრიარქად და ილია მეორის მიმართ პირადად ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული. თავიდან ამას პირდაპირ ვერ ამბობდა, იმიტომ, რომ იცის, თუ როგორ უყვარს ხალხს პატრიარქი. პირდაპირ ასე რომ დაეწყო, რითაც ახლა დაიწყო სინოდიდან რომ გამოვიდა, ხალხი ჩაქოლავდა. მას ხალხი აღარ მოუსმენდა. ამიტომ მან თავიდან დაიწყო, რომ ეკლესიაში არის პრობლემები და მოდი ეს პრობლემები მოვაგვაროთ.

მე მაქვს კითხვა - დეკანოზ მამალაძის დაჭერამდე თუ არსებობდა ეს ყველაფერი ეკლესიაში? თუ მანამდე არ იყვნენ მღვდლები, ვინც აღებ-მიცემობით არიან დაკავებულები ან ამ ცოდვაში არიან, მანამდე ეს ყველაფერი არ იყო? მანამდე რატომ არ იღებდა მეუფე ხმას ამ ყველაფერზე? რატო არ აიმაღლა ხმა 4 წლის წინ, რატომ არ თქვა ეს ყველაფერი10 წლის წინ, რატომ მაინც და მაინც დღეს დაიწყო ამაზე საუბარი? იმიტომ რომ მისი მიზანი იყო ერთადერთი რამ, რომ პატრიარქი გაენადგურებინა, რადგან ამ ცოდვის ბრალდებით პატრიარქი პატრიარქი ვერ იქნება. როგორ შეიძლება ამ ცოდვაში მყოფი პატრიარქი გვყავდეს?!" - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ „ინტერპრესნიუსთან".

დეკანოზის თქმით, ყოფილმა მიტროპოლიტმა ან უნდა დაამტკიცოს პატრიარქის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება, ან თავადვე უნდა განიკვეთოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×