რეზონანსი
02.11.2019

 (რეზონანსი) კახეთში, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის კობა თარაშვილის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

დაკავებულის ოჯახი მირზაანის გამგებლის შვილის კობა თარაშვილის გავლენებზე მიუთითებს. მათი განცხადებით, თარაშვილი დაკავებულის კუთვნილ საწყობში მივიდა და ორი ტომარა ხორბლის უსასყიდლოდ წაღება უნდოდა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. დაკავებულის მეუღლე ქმრის გათავისუფლებას ითხოვს.

„ჩემი ქმარი უდანაშაულოა, იმ კაცს მფარველები ჰყავს და უნდოდა ჩემი ქმრისთვის წაერთმია ხორბალი. მივიდნენ სცემეს და შერაცხყოფა მიაყენეს, როგორ თუ ფული გვთხოვე ხორბლის საყიდლადო. ორნი ყოფილან, ერთი მირზაანის რწმუნებულის შვილია. ალბათ, მფარველები ჰყავს. მთელი სოფელი ფეხზე დადგება, აქციებს დავიწყებთ, გამოუშვან ჩემი ქმარი. მოკვლა რომ სდომოდა მხარში კი არა სხვა ადგილას ესროდა", - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

ბრალდებებს უარყოფს სოფელ მირზაანის რწმუნებული. აკაკი თარაშვილის განმარტებით, მისი შვილი ხორბლის საყიდლად მივიდა, რა დროსაც მეპატრონემ სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა.

"ჩემს შვილს ორი ტომარა ხორბალი უნდა ეყიდა, თითქმის უკვე წამოსვლას აპირებდა, რომ უთქვამს ეს ხორბალი შერეული მარცვალია და არ გვინდაო, რაზეც მეპატრონემ შეაგინა. ჩემა შვილმა ვერ მოითმინა და გაარტყა. ეს იყო და ეს. ჩაჯდა მანქანაში და წამოვიდა.სოფლის ცენტრში დაეწია და ესროლა. 200 სული ძროხა გვყავს და როგორ ფიქრობთ, ორ ტომარა ხორბალს ვერ იყიდიდა? - განაცხადა სოფელ მირზაანის რწუნებულა აკაკი თარაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×