(რეზონანსი) პატრიარქიც, პეტრეც, მამალაძეც სისტემის მძევალი, მსხვერპლი და შემოქმედია - ამის შესახებ ლაშა ბუღაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ბუღაძე გუშინ გამართულ წმინდა სინოდის სკანდალურ სხდომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაღაც მხრივ ყველა მხარეს დამცველი სჭირდება.
„ამ „ბიზანტიური" ტრაგედიის მთავარ მონაწილეებს ახლა როგორც არასდროს, ისე „ესაჭიროებათ" თავიანთი მფარველი ანგელოზების დაცვა: გადაყენებულ მეუფეს დაცვა სჭირდება ძალადობის წამქეზებელი პოპულისტ-დემაგოგებისგან, ხანდაზმულ პატრიარქს - მართული ქაოსის მოყვარული სახიფათო ოლიგარქისგან, ტყვეობაში მყოფ დეკანოზს - ტრადიციულად ქიმიურ ქონწინებაში მყოფი სახელმწიფოსა და საპატრიარქოსგან, რადგან ახლა სამივე ამა თუ იმ ფორმით - და პირდაპირი მნიშვნელობითაც - სისტემის მძევალი, მსხვერპლი და შემოქმედია. ტრაგედიიდან გამოსავალი კი ესქილედან მოყოლებული - კათარზისია. განწმენდა" - წერს ლაშა ბუღაძე
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან სინოდის გუშინდელ სხდომაზე გადააყენეს. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.