რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მეუფე იაკობის მიერ ტელეეთერში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს.

„თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასების დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, თუ გავრცელებული ინფორმაციის რა ნაწილი შეიცავს კონკრეტული ფაქტების აღწერას.

სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს.

აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს. მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

საქარველოს პროკურატურაში ასევე შეფასებულ იქნა მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად", - აცხადებენ პროკურატურაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×