(რეზონანსი) ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილების კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 58 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მას სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი და ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
„დაშავებული გადაყვანილია დამწვრობის ეროვნულ ცენტრში. მოცემული მომენტისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. სამედიცინო პერსონალი მაქსიმუმს აკეთებს, რომ მდგომარეობის პოზიტიური დინამიკით შეცვლა მოხდეს. დაახლოებით 12 ოჯახია დაზარალებული. პირველადი დაკვირვებით, საქმე გვაქვს ბუნებრივი აირის მოხმარების გაუფრთხილებლობასთან", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა.
ამასთან, როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დროულად უნდა მოხდეს.
ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გაზის საავარიო ჯგუფის წარმომადგენლები და ყველა შესაბამისი სამსახური.
ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში აფეთქება დღეს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან განახორციელეს მოქალაქეთა ევაკუაცია.