
(რეზონანსი)„როცა მღვდელმთავრის განყენება ხდება მას ალბათ უფრო მეტი ინფორმაცია და მეტი მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს წინ",- ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ხდება, უფრო მეტად უნდა იყოს გამოკვლეული მტკიცებულებები.
„ის რაც ახლა ამოხდა არ იყო ცნობილი ჩემთვის. საერთოდ, წინასწარ არ არის ხოლმე ცნობილი სინოდზე განსახილველი საკითხების ნუსხა. მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - ამ ვითარებაში, როცა საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი, როდესაც ასეთი ურთულესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია ჩვენი რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანიზმი და ინსტიტუციაა და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის როგორც სადღეისო, ისე სამომავლო ჭრილში. ამას განსაკუთრებით მოფრთხილება და ძალიან ღრმად დაფიქრებული მიდგომა სჭირდება. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ამის შესახებ, წინდაწინ გვემსჯელა და განგვეხილა ყველა ამ საკითხის მხარე, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, იმისთვის, რომ ნებსით თუ უნებლიედ მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. ვიმედოვნებ, რომ სინოდის ყველა წევრი კარგად დაფიქრდა და დარწმუნებულები არიან თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. მე საერთოდ არავის წინააღმდეგ არ მივცემ ხმას, ყოველთვის მომხრე ვარ, რომ უფრო სიღრმისეულად მოხდეს საკითხების განხილვა და ჩვენს წინაშე დავაყენოთ ჩვენი საეკლესიო ერთობა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.
სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.
პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა",- აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.
მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.