ნატოს ორი წევრი ქვეყნის, აშშ-სა და თურქეთის კონფლიქტი კიდევ უფრო მაწვავე ფაზაში შედის. ამერიკა თურქეთისთვის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს ეხება - კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთი სომხეთის გენოციდს უარყოფს, ამიტომაც ეს შესაძლოა სერიოზული პროტესტის მიზეზიც კი გახდეს.
„თურქეთის მხრიდან ეს სერიოზულ პროტესტს გამოიწვევს და პირველი რეაქცია უკვე გაჩნდა კიდევაც. ვიცით, რომ თურქეთი ამ ფაქტს საერთოდ უარყოფს, მიაჩნია, რომ ეს ბრალდება გამოგონილია, მას სულ სხვა წარმოდგენა აქვს მოვლენებზე და კატეგორიულად ეწინაააღმდეგება. რა თქმა უნდა, თურქეთთან დაკავშირებით მორიგი უსიამოვნო მოვლენების განვითარებაა მოსალოდნელი.
„როდესაც ჩვენს მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ასეთი საუბარი იწყება, ეს უკვე ნეგტიურ ხასიათს ატარებს, მაგრამ საქართველოს იმედია სხვა მხრივ არ შეეხება," -აცხადებს მენაღარიშვილი.
პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებმაც მიიღეს, თუმცა ამჯერად მნიშვნელობა დროს ენიჭება, რადგან ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობები ჩიხშია.
„ამის მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებმაც მიიღეს, მათ შორის საფრანგეთის სენატმა და მსგავსი მსჯელობები გერმანიაშიც იყო. ასე რომ ვთქვათ, ახალი არაა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს დროს, ანუ რა დროსაა ინიცირებული ეს რეზოლუცია. ეს იმ დროს ხდება, როდესაც აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია, ასევე ნატოში თურქთის როლიც ასე ვთქვათ რაღაცნაირად გაურკვეველია, რადგან მათ მიერ რუსეთისგან განხორციელებული თავდაცვის სისტემის ბოლო შესყიდვების გამო ძალიან ბევრი შეკითხვა ისმის თურქეთის, როგორც ნატოს მოკავშირის წევრის შესახებ.
„ეს თურქეთისთვის ძალიან სენსიტიური საკითხია და ბუნებრივია, ეს არ ესიამოვნებათ და მითუმეტეს მათი მოკავშირისგან," - აცხადებს კაკაჩია.
ამ ფაქტს თურქულმა მხარემ საკმაოდ მწვავედ უპასუხა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისგან ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას „სამარცხვინო" უწოდა.
„ცდება, ვინც თვლის, რომ ამ გზით შურს იძიებს. იმ ადამიანების ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლებიც ისტორიას პოლიტიკაში ურევენ, ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ის თურქი ხალხისთვის და თურქეთის მთავრობისთვის ბათილია", - წერს მევლუთ ჩავლუშოღლუმ ტვიტერზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა, იგი კონგრესის გადაწყვეტილებას მიესალმა.
„მივესალმები აშშ-ის კონგრესში გამართულ ისტორიულ კენჭისყრას, რომლის შედეგადაც აღიარებული იყო სომეხთა გენოციდი. ეს რეზოლუცია არის სამართლიანობის დადგენისა და ისტორიული სამართლიანობისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯი. ის შვებას მოჰგვრის სომხების ბევრ შთამომავალს, რომლებიც გენოციდს გადაურჩნენ", - წერს ფაშინიანი.
მიღებული დოკუმეტის გამო ანკარაში ამერიკის ელჩი დევიდ სეტერფილდი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში რეზოლუციას 29 ოქტომბერს მხარი 405 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 11 წავიდა.