რეზონანსი
30.10.2019

  ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის, 65 წლის მიხეილ კაჭარავას მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გიორგი ნიჟარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

ბრალდებულის ადვოკატმა თავდაპირველად ნიჟარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა, შემდეგ კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ გიორგი ნიჟარაძეს ტყუპისცალი ძმის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზა ამ ეტაპზე დანიშნული არ არის.

თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 19 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში, 27 ოქტომბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×