(რეზონანსი) ხელვაჩაურში, სოფელ თოდოგაურში ბზიკებმა მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დაკბინეს. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტობერს მოხდა. ერთ-ერთ ბავშვს ნაკბენი კისრის არეში ჰქონდა. მოზარდები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, ჩატარებული კვლევებისა და პროცედურების შემდეგ კი, პაციენტები ბინაზე გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარის ტელევზია" ავრცელებს.
ბავშვების დედა ყვება, რომ მეუღლეს ბზიკმა ხურმის მოკრეფის დროს უკბინა, მწერმა ხესთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი ბავშვიც დაკბინა.
რაც შეეხება 6 წლის გოგოს, ბზიკმა მას მანქანაში უკბინა, როცა სოფლიდან კლინიკისკენ მიდიოდნენ.
„ხურმას კრეფდნენ, ჯერ მეუღლე ავიდა და ბავშვებიც აყვნენ. თავდაპირველად გოჩამ დაიძახა მიკბინაო, ვიფიქრე ბაზმა უკბინათქო. სანამ ჩამოვიდოდნენ, ბიჭიც აყვირდა, მეც დამკბინესო. ბავშვს თურმე შარვალში ჩაუძვრა. შეშინებულები გამოვიქეცით საავადმყოფოსკენ, მანქანაში ჩემი 6 წლის გოგო ატირდა, ვხედავ მასაც ყელთან აქვს ნაკბენი. თმაში კი, კიდევ ორი ბზიკი შევნიშნე" - ამბობს მანანა ტარიელაძე.
მოქალაქე ამბობს, რომ ბზიკები მომრავლდნენ არა მხოლოდ სოფლებში, არამედ ბათუმის ცენტრალურ ნაწილშიც. მისი თქმით, ბაზის ბუდეები კი, განსაკუთრებით მრავლად არის ქალაქთან ახლოს მდებარე დასახლებებში. ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსშიც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა.