თამთა ჩაჩანიძე
28.10.2019

 ნაწილობრივ ოკუპირებული დონბასის ზოგიერთ რაიონში, მაგალითად ლუგანსკის ოლქის ზოლოტოესა და კატერინოვკაში უკრაინელი მოხალისეები, რომლებიც იარაღის დაყრაზე და შტაინმაიერის ფორმულის შესრულებაზე უარს ჯიუტად აცხადებენ, პატრულირებას ამიერიდან უიარაღოდ განაგრძობენ. პოლიციამ მათ ჩამოართვა და რეგიონიდან გაიტანა ის იარაღი, რომლის შესახებაც სოფელ ზოლოტოეში მოხალისეებსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ცნობილი კამათი გაიმართა.

„სხვათა შორის, იარაღი, რომელიც გუშინ იქ იყო, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ზოლოტოედან გამოიტანეს, "- წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი ფეისბუქზე.

„ინტერფაქს უკრაინა" იუწყება, რომ სოფელ ზოლოტოედან მოხალისეებისთვის იარაღის ჩამორთმევისა და რეგიონიდან გატანის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ ვადიმ ტროიანმაც დაადასტურა.

მან დასძინა, რომ დონბასში ახლა ჯარები წვრთნებს გადიან, კატერინოვკაში და ზოლოტოეში მოხალისეთა ჯგუფი კი იარაღის გარეშე არიან.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი 26 ოქტომბერს ზოლოტოეში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 7 ოქტომბრიდან ამ რაიონში ძალების დაშორიშორების პროცესის დაწყება ვერ ხერხდებოდა.

ერთ-ერთ შეხვედრაზე ზელენსკიმ მოხალისესთან იკამათა და მათ შეიარაღების გატანა მოსთხვა. საპასუხოდ მოხალისეებმა ზელენსკის აფხაზეთის მაგალითი შეახსენეს და განუცხადეს, რომ „საქართველომ მაშინ ჯარები გაიყვანა და რუსეთი მოტყუებით შეიჭრა სოხუმში".

დონბასიდან ძალების გაყვანა 7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, ამის თაობაზე შეთანხმება მინსკში სამმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე შედგა. ამის გამო კი კიევი და დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ერთმანეთს ხელშეკრულებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ძალების გამიჯვნას ვერ უზრუნველყოფს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ძალების დაშორიშორებას ე.წ. შტაინმაერის ფორმულა ითვალისწინებს, რომლის შესრულების პირობაც მხარეებმა პირველ ოქტომბერს დადეს.

შეთანხმების მიხედვით, მას შემდეგ, რაც რეგიონში ცეცხლი შეწყდება და შეიარაღებას გაიყვანენ, დონბასი განსაკუთრებულ სტატუს დროებით მიიღებს და იქ არჩევნები ჩატარდება. განსაკუთრებული სტატუსი მუდმივი მას შემდეგ გახდება, რაც არჩევნების შედეგს ეუთო აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×