(რეზონანსი) ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია აცხადებს.
როგორც ახალაია განმარტავს, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ერთდროულად მოუწევს სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ ყოფით პრობლემებთან გამკლავება.
„სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით საკუთარ სამომავლო გეგმებზე. არა იმიტომ, რომ შეიძლება რამეს ვმალავდე, არამედ იმ ბანალური მიზეზით, რომ გულწრფელად არ ვიცი. ჯერჯერობით, დანამდვილებით რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ როგორც ჩანს, თითქმის 10 წლის გატარება გამომივა სამარტოო საკანში. შემდეგ კი, ერთდროულად მომიწევს უამრავ სამართლებრივ, პოლიტიკურ, თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება. რეალურად ვუყურებ ვითარებას და ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს. ხოლო იმას თუ რას, როგორ, როდის, ან საერთოდ გადავლახავ თუ არა, ამას მხოლოდ მომავალში თუ ვნახავ", - აცხადებს ახალაია „ინტერპრესნიუსთან".