რეზონანსი
27.10.2019

  „უნდა განვსაზღვროთ რას ვირჩევთ, ვისთვის თუ რისთვის ვართ ეკლესიაში, თორემ არასწორად ნაგები, ქვიშაზე დაფუძნებული დიდებულებანი დაინგრევიან და ინგრევიან კიდეც და მრავალი დაფარული თუ დაუფარავი გამჟღავნდება, უბრალოდ, როცა ეს ყველაფერი მოხდება თუ უკვე ხდება ჩვენ არ უნდა დავკარგოთ სწორი ორიენტირები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ლევან მათეშვილი წერს, რითაც მეუფე იაკობის გუშინდელ სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება.

„ბერდიაევის მიერ მოტანილი მოსანათლი ებრაელის იგავისა არ იყოს, მართლაც, ეკლესია დაზიანებული ადამიანების დაარსებული რომ ყოფილიყო ერთი საუკუნეც ვერ გაძლებდა. მსოფლიო ეკლესიის ისტორია სავსეა უღირსი ადამიანების ისტორიებით. ცხადია, თანამედროვეებს თანამედროვეები გვაღელვებს, თუმცა, ღვთისთვის ჩვენეული თანამედროვე კონტექსტი ერთ მთლიან აწმყოში ერთიანდება, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთ დაუსრულებელ უდროობაშია და წარიმართება მისი განგებულობით. არაფერი არ ხდება რაც წარმოუდგენელია, მინდა განუგეშოთ, უფალი თუ ჩვენთანაა, ვისი უნდა გვეშინოდეს, უფალი მეფობს და არა ადამიანები, უფალი მომთმენია და მისი სამართალი ჭეშმარიტი. ჩვენ არც ჩვენ წინაპრებზე უარესები ვართ და არც უკეთესები, იგივე ვნებათაღელვებია ახლაც, რაც ადრე, მაგალითისთვის ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან „მარგალიტებს მოვიტან: დავით კურაპალატი საკუთარმა მიტროპოლიტმა ბარძიმიდან მოწამლა, ტყვეთა სყიდვა საუკეთესო ბიზნესი ყოფილა სასულიერო პირთათვის, მრავალი საეკლესიო კათედრა გაყიდულა და გადაყიდულა, სინოდსაც დომენტი კათოლიკოსის მეთაურობით მიუღია დადგენილება მეფისთვის ისლამის მიღება შეეთავაზებინა და მეფეც დათანხმებულა სინდისდამშვიდებული, კირიონ კათალიკოსი უახლოესმა სასულიერო გარემოცვამ მოკლა და სხვა მრავალი, მაგრამ ასეთი მაგალითების გვერდით თავგანწირვის, ერთგულების, თავმდაბლობის ბევრი მაგალითიც ყოფილა. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რას ვირჩევთ (ერმაც და ბერმაც), ვისთვის თუ რისთვის ვართ ეკლესიაში, თორემ არასწორად ნაგები, ქვიშაზე დაფუძნებული დიდებულებანი დაინგრევიან და ინგრევიან კიდეც და მრავალი დაფარული თუ დაუფარავი გამჟღავნდება, უბრალოდ, როცა ეს ყველაფერი მოხდება თუ უკვე ხდება, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ სწორი ორიენტირები", - წერს დეკანოზი ლევან მათეშვილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×