(რეზონანსი) "უმაღლესი საბჭო ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს რომ მიმართავს, ეტყობა ძალიან აწუხებს ანა დოლიძე საბჭოში. მისთვის ანა დოლიძის მოშორება სასიცოცხლად მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ინფორმაცია გამოვიდა საზოგადოებისთვის სააშკარაოზე. ნაზი ჯანეზაშვილისა და ანას დოლიძის ხმალამოღებული ბრძოლა მათთვის მიუღებელია. ეს მცდელობა, რომ ანა დოლიძე თავიდან მოიშორონ პირდაპირ მიანიშნებს, რომ ის კლანს ხელს უშლიდა და პრობლემებს უქმნიდა. საზოგადოების, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინტერესი უნდა იყოს საბჭოს სრულიად წარმოუდგენელი მცდელობა თავიდანვე ჩაახშოს და არ მისცეს იუსტიციის საბჭოს უმაღლესი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გათავხედდეს", - აცხადებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"მათ თუ ახლა ეს გაუვათ, მერე ნაზი ჯანეზაშვილს მიადგებიან. ამით კლანი საბჭოში საერთოდ ამოქოლავს თავისუფალ აზრს და სრულ კონტროლს იქონიებს მთლიანად მოსამართლეთა კორპუსზე, რაც ამ ქვეყანას საერთოდ დაღუპავს. საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომელშიც სასამართლო სათანადოდ არ ფუნქციობს, არანაირი პროგრესის პერსპექტივა არ აქვს. ქვეყანაში თუ არ არსებობს დარღვეული უფლების აღმდგენი სამართლიანი მექანიზმი სასამართლოს სახით, მაშინ ადამიანები თავად გადაწყვეტენ რომ სამართალი გააჩინონ და დარღვეული უფლება აღიდგინონ... ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და უკან, გამოქვაბულში დაბრუნება არავის უნდა", - ლია მუხაშავრია.