
თუ იცით, რამდენი ცხენის ძალა აქვს თქვენს ავტომობილს? შესაძლოა ბევრმა იცის, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, მაგრამ 2020 წელს ეს თემა აქტუალური გახდება და საკუთარი მანქანის ცხენის ძალის რაოდენობა ყველას ეცოდინება. ეს იმიტომ, რომ უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ავტომობილების მფლობელებს ბიუჯეტში ყოველწლიურად გადასახადის გადახდა მოუწევთ და ეს გადასახადი სწორედ ცხენის ძალის მიხედვით დადგინდება.
„მთავრობა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. პრობლემა დაახლოებით ისეთია, როგორიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ნაციონალებს ჰქონდათ. ანუ, მთავრობას სურს, რაღაცები აკეთოს, სურს გასცეს ხელფასები, მოუმატოს პენსიები, ბიუჯეტის შევსება კი ვერ ხერხდება. ამიტომ, ახალ-ახალი გადასახადებია მოსაფიქრებელი და ერთ-ერთი სწორედ ავტომობილებზე გადასახადის დაწესებაა. თანხა არ იქნება ისეთი, რომ ავტომფლობელები აჯანყდნენ და ის ერთ ცხენის ძალაზე 40 თეთრიდან, 60 თეთრამდე ითამაშებს. ანუ, თუ მანქანას 100 ცხენის ძალა აქვს, წლიური გადასახადი 40-60 ლარი იქნება. საქართველოში 400 და 500 ცხენის ძალიანი მანქანებიც ჰყავთ, მაგრამ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ვისაც ასეთი ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავს, გადახდაც არ გაუჭირდებაო“, - განუცხადა "ალიას" სანდო წყარომ.