(რეზონანსი)ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარება არ შეჩერებიათ. ტიკარაძემ თქვა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარება შეუწყდათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
თუმცა, საპირისპირო მონაცემი აქვს "ალიას", რომელსაც რუსთავიდან და თბილისიდან მოდის ინფორმაციები, რომ ასობით ოჯახს შეუჩერდა სოციალური დახმარება.
მართალია, ჯანდაცვის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ 4 წელიწადში ერთხელ ამოწმებენ ოჯახებს, ან მისამართის და ოჯახის წევრების ცვლილებების გამო - მაგრამ რედაქციაში შემოსული წერილებიდან ირკვევა, რომ ისეთ ადამიანებსაც შეუჩერდათ დახმარება, რომლებსაც სამი წლის წინ მიანიჭეს ქულები, არც მისამართი შეუცვლიათ და არც ოჯახის წევრი დამატებიათ.
მათ შორის, ერთი მარტოხელა დედაა, რომელსაც, შემოწმებაში მოხვედრამდე არ შეუცვლია მისამართი, ქულების მინიჭებიდან არ არის გასული 4 წელი და როცა მივიდა სოციალურ სააგენტოში, სიტუაციაში გასარკვევად, ოპერატორმა სხვა მიზეზი რომ ვეღარ იპოვნა, ჰკითხა:
-იქნებ, ოჯახის წევრი გამოგაკლდათ?
მარტოხელა დედაა, ერთ მცირეწლოვან შვილს ზრდის, ხომ წერია დეკლარაციაში, რას ნიშნავს ოჯახის წევრი გამოაკლდა, სად წავიდოდა ბავშვი?
არადა, ამ საკითხზე კომენტრირებისას მინისტრი მედიას გაუბრაზდა:
„ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება. გიპასუხეთ თქვენს კითხვაზე. როდესაც გადამოწმება დასრულდება, მათ განაცდური თვეები აუნაზღაურდებათ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთი-ორი თვე"
ყველას არ აუნაზღაურდება, აუნაზღაურდება მხოლოდ იმას, ვინც დაბალ ქულებს მიიღებს!
შეიცვალა თუ არა ქულების დათვლის კრიტერიუმი - ამაზე არავინ საუბრობს.
მინისტრი, რომელმაც იცის, რომ მინისტრია.
ის ცნობილი გამოთქმა გამახსენდა, ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი.
წყარო: "ალია"