(რეზონანსი) არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილის საკითხს საპატრიარქო განიხილავს - ამის შსსახებ საპატრიარქოს პრესამსახურმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საპატრიარქოს ადმინისტრაციამ ანიტა რაჭველიშვილისადმი პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ეკლესიის წარმომადგენელის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.
„ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი. მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე" - წერია განცხადებაში
„ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", - სასულიერო პირის მიერ, ამ შინაარსის კომენტარის დაწერას სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. დაპირისპირება ბერა ივანიშვილის მისამართით მომღერლის კრიტიკას მოჰყვა.
„განა დავწყევლე, უბრალოდ მიხვდეს რა მტკივნეულია ისეთი რაღაც, რომელიც ადამიანის სულს და მის ცხოვრებას შეეხოს. თუ ანიტა რაჭველიშვილი თვლის, რომ მაღალი დონის მომღერალია, მეც ვთვლი, რომ არის და პატივს ვცემ როგორც მომღერალს, მაგრამ მისი მომღერლობა არ აძლევს უფლებას, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს", - განმარტავს ბართლომე ფირცხალაიშვილი
„ვაი, შე საცოდაო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი",- დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ინიციატივაზე, რომელიც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.