(რეზონანსი) „თარხან-მოურავის კარნახს რომ არ უსმენთ, იმიტომ გაქვთ საქმე კარგად",- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა.
სხდომაზე ემზარ კვიციანი დროის დამატებას ითხოვდა, რასაც რომან გოცირიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ კვიციანს ამის შესახებ „ყურში უკარნახეს".
„თარხან-მოურავის კარნახს რომ არ უსმენთ, იმიტომ გაქვთ საქმე კარგად თქვენ, მოუსმინეთ და კარგ გზაზე დაგაყენებთ",- აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ლალი ფაფიაშვილს უსმენენ.
1996-2004 წლებში ლალი ფაფიაშვილი საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, 2004-2007 წლებში პარლამენტის წევრი.
2007-2017 წლებში ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2017 წლებში კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლიდან დღემდე კანდიდატი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.