(რეზონანსი) ქუთაისელი მძღოლზე, რომელიც თბილისში მგზავრის ჩაყვანის გამო 200 ლარით დააჯარიმეს, თბილისის მერია განმარტებას აკეთებს.
თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის უფროსის, მირიან ლაბანიძის განმარტებით, იმ მუნიციპალიტეტების ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც თუნდაც ერთჯერადად ჩამოჰყავთ მგზავრი თბილისში, უნდა გააჩნდეთ ლიცენზია.
„თუ სხვა რაიონის ტაქსისტი ემსახურება თბილისში მომავალ ადამიანს, ამ შემთხვევაში მას უნდა გააჩნდეს ლიცენზია ან არ გაუწიოს მომსახურება თბილისში მომავალ მგზავრს და იმოძრაოს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი საბუთი არ არის საჭირო, ლიცენზიის წლიური ღირებულება მსუბუქი ავტომობილისთვის 100, ელექტრო მანქანისთვის 50, ხოლო ჰიბრიდისთვის 0 ლარია. გარდა ამისა ლიცენზიის აღებისთვის აუცილებელია ტაქსი იყოს ოთხ კარიანი და წელიწადში ორჯერ გაიაროს ტექნიკური დათვალიერება, 2 კარიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ტაქსის ლიცენზიის მიღებას", - ამბობს მირიან ლებანიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისელი ტაქსის მძღოლი თბილისში მგზავრის ჩაყვანის გამო დააჯარიმეს. ხვიჩა მამასახლისის თქმით, დაჯარიმების მიზეზი ტაქსის ფერი და მასზე განთავსებული კერძო კომპანიის რეკლამა გახდა. მამასახლისს არსებული რეგულაციების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამიტომ მიიჩნევს, რომ უსამართლოდ დააჯარიმეს.