(რეზონანსი) 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა შემზარავი კადრები, რომელიც ცხინვალის ციხეში პატიმრების წამებას ასახავს. ვიდეო ვინმე სოსლან ბიბილოას სახელით გავრცელდა და სავარაუდოდ, 2 ოქტომბერსაა გადაღებული, როცა ცხინვალის ციხეში "ომონი" შევიდა და პატიმრებს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა.
ის რომ, ცხინვალის ციხეში პატიმრები სასტიკად სცემეს, შემზარავი კადრების გავრცელებამდე ორი კვირით ადრე "კვირის პალიტრასთან" საუბარში დაადასტურა ოსი პატიმრის ცოლმა, რომელმაც გამოცემას საპატიმროში არსებული არაადამიანური პირობების შესახებ უამბო.
"ჩემი ქმარი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს - ძველი ავტოფარეხის რკინის კარი იპოვა და სახლში წამოიღო, ჯართში უნდოდა ჩაბარება. რამდენიმე დღეში მილიცია მოგვადგა, თურმე ვიღაც მაღალჩინოსნის ყოფილა. 3 წელი აქვს მისჯილი. ისედაც ჯოჯოხეთურ პირობებში იყვნენ, წყალი არ ჰქონდათ, საჭმელზე რომ არაფერი ვთქვათ. საკვები ყოველ მეორე დღეს მიგვქონდა და პატიმრები ერთმანეთს უნაწილებდნენ.
ციხეში სულ ორი ქალი მუშაობს, ისინი არიან მზარეულებიც და დამლაგებლებიც. კიდევ ერთი კაცი ჰყავთ, ე.წ. დამხმარე, რომელიც, იმავდროულად, ვიღაცებზე ინფორმაციას აგროვებს. საკვები ძირითადად, ლობიო, წიწიბურა, სოიაა და იმასაც ყოველდღე ვერ აჭმევენ. ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში კი უჰაერობისგან იხრჩობიან. უამრავი ადამიანი უმძიმესი დაავადებით იტანჯება. სოროებივით საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, საწოლიც კი არა აქვს ყველას და მორიგეობით იძინებენ.
ერთი ექიმი ჰყავდათ, აზა აბაევა, რომელიც ისედაც იშვიათად დადიოდა, რადგან, პრაქტიკულად, უხელფასოდ მუშაობდა, ამ ამბების შემდეგ კი უთქვამს, ამდენი უბედურის ყურება არ შემიძლიაო. ერთ პატიმარს გაუპროტესტებია, ასე ღორულად ცხოვრება აღარ შემიძლიაო და სხვებიც აჰყოლიან - 27 სექტემბერს დაიწყეს შიმშილობა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში მათთან არავინ მისულა. შემდეგ ჩვენ, ოჯახის წევრებმა, მივაწოდეთ ჟურნალისტებს გაფიცვის შესახებ ინფორმაცია და ეს ამბავი გახმაურდა. ამის შემდეგ მოშიმშილეები ცალ-ცალკე საკნებში გაიყვანეს და მობილურები ჩამოართვეს. ვიღაცებმა მაინც შეძლეს ახლობლებთან დაკავშირება და საბოლოოდ, ყველა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა".