რეზონანსი
25.10.2019

 სიცოცხლისთვის საშიში საბავშვო ჰიგიენა - "ჯონსონს ბეიბის" საბავშვო ტალკში აზბესტი აღმოაჩინეს, საშიში ნივთიერება, რომელიც კიბოს იწვევს. ამერიკულმა კომპანიამ 33 ათასი პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღო, თუმცა ქართულ ბაზარზე მოვლის ეს საშუალება მაინც იყიდება. არც ექიმებს, არც ფარმაცევტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არც მშობლებს, ჯერჯერობით არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. "ჯონსონის" წარმომადგენლობა საქართველოში ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქტი საფრთხის შემცველი არ არის.

შიში მშობლებში მას შემდეგ გაჩნდა რაც გაიგეს, რომ პოპულარულ ჰიგიენურ საშუალებაში სახიფათო ნივთიერება აზბესტის მინარევი აღმოჩნდა. საუბარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ საბავშვო ფირმის - "ჯონსონს ბეიბის" პუდრზე. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია პროდუქციის ერთ-ერთ პარტიაში სიცოცხლისთვის საშიში მინარევის აღმოჩენის შესახებ, თავად კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, ჯერ არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას და სააფთიაქო ქსელს ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღია.

ინფორმაციის გადამოწმება "ჯონსონის" ოფიციალური ვებ გვერდიდან ვერ ხერხდება. ქართული წარმომადგენლობის ოფისი "კურიერს" სამუშაო საათებში დაკეტილი დახვდა. მათმა თანამშრომელმა ტელეფონით რუსულ განყოფილებასთან გადაგვამისამართა, საიდანაც "კურიერს" განცხადებით უპასუხეს. კომპანია მომხდარს არ უარყოფს და განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებში ინტერნეტმაღაზიაში ნაყიდი პროდუქციის შემოწმების შემდეგ საბავშვო პუდრში მცირე რაოდენობით აზბესტის მინარევი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კომპანიას წარმოებიდან მთლიანი პარტიის ამოღება მოუხდა.

აზბესტის შემადგენლობაზე საუბრობენ ტოქსიკოლოგებიც და ამბობენ, რომ ნივთიერება ბავშვებში მძიმე დაავადებების გაჩენის შანსს საგრძნობლად ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო პროდუქციაში აზბესტის მინარევი აღმოჩნდა, "ჯონსონ ბეიბის" სიცოცხლისთცის საშიში პუდრი კვლავ აქტიურ გაყიდვაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×