რუსეთის სურვილი შესრულებულია - 28 წლის იაროსლავ სუმბაევი საქართველოდან ექსტრადირებულია. 24 ოქტომბერს, დილის 11 საათისთვის, საქართველომ რუსეთს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულსა და გამომძიებელი ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებენ. ამის შესახებ ასევე, ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა.
სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე კი აცხადებს, რომ სუმბაევზე რუსეთის ხელისუფლება მისი განსაკუთრებული ნიჭის გამო ნადირობს, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. ხოლო საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ზეწოლას ემორჩილება. რუსეთში სუმბაევს მძიმე ბედი ელოდება და არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ მას არადაამიანურ პირობებში ყოფნა და სასტიკი წამება მოუწევს.
ვინ არის 28 წლის ჰაკერი და რატომ გამოაცხადა რუსეთმა მასზე ნადირობა. როგორ დაიწყო მისი ისტორია საქართველოში.
იაროსლავ სუმბაევი ასტრახანის მკვიდრია და ის ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს, თბილისში დააკავეს - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით.
მისი დაკავების შემდეგ კი გაირკვა, რომ 28 წლის სუმბაევი რუსეთის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა - კიბერთაღლითობის არაერთი ფაქტისა და ჰაკერების დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით.
სწორედ ამ საქმეს იძიებდა ევგენია შიშკინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში, მოსკოვის მახლობლად, საკუთარ სახლთან მოკლეს. არაოფიციალური ვერსიით, სუმბაევი ამ საქმის მთავარ დამკვეთად ითვლება. მან ამ საქმისთვის 19 წლის მოზარდი დაიქირავა და ანონიმურად „ცუდი ქალის" მკვლელობა შეუკვეთა.
მკველლობის საქმეში სუმბაევი თავს უდანაშაულოდ თვლის და ამბობს, რომ რუსეთში მიმდინარე გამოძიებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია მისი ბრალდების დასამტკიცებლად.
სწორედ შიშკინას მკვლელობის აღიარებას მოითხოვენ რუსეთში კიბერთაღლითობის საქმეზე ამჟამად დაკავებული სამი პირისაგანაც. ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს დააკავეს, მაგრამ ბრალს არ აღიარებენ. ისინი სწორედ იმ ადამიანებად სახელდებიან, რომლებსაც სუმბაევმა მილიონი რუბლის სანაცვლოდ გამომძიებელი ქალის მკვლელობა დაუკვეთა. ერთი შემსრულებლად სახელდება, ორი კი შუამავლად. როგორც მათი ადვოკატები რუსულ მედიასთან საუბარში ამბობენ, მათზე არნახული ზეწოლა მიდის, რომ ეს ბრალი აღიარონ.
სუმბაევის დედა რუსეთში შვილის ადგილსამყოფელის დასახელების გამო დააკავეს. მას ბრალი თაღლითობის მუხლით წარუდგინეს. თუმცა, მოგვიანებით ბრალდება მოუხსნეს და გამოუშვეს.
როგორც რუსულენოვან მედიას სუმბაევის რუსი ადვოკატი ნიკოლაი არშინოვი ეუბნება, ახალგაზრდა გამომძიებელი ქალი შიშკინა სხვა საქმეებსაც იძიებდა და მათ შორის იყო ხელისუფლების ინტერესებთან დაახლოვებული ოლიგარქების საქმეც, რაც ასევე რკინიგზის გავლით ფულის გათეთრებას უკავშირდებოდა. მისი აზრით, ქალის მკვლელობის მოტივიც ეს უნდა გამხადრიყო და არა სუმბაევის საქმე.
სუმბაევს მკვლელობის დაკვეთის მოტივიც არ ჰქონდა, რადგან გამომძიებელ შიშკინას საქმის მასალები უკვე გადაცემული ჰქონდა სასამართლოსთვის და მისი მკვლელობით ვეღარაფერი შეიცვლებოდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2019 წლის მაისში საქართველოს სასამართლოებმა სუმბაევის ექსტრადირება დასაშვებად ცნეს; ამასთან, მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო 6 სექტემბრით დათარიღებული წერილით უარს ამბობს ამ ექსტრადიციის შეჩერებაზე და ის „არ თვლის, რომ სუბმაევი შესაძლოა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას".
მისვე თქმით, საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას.
წულუკიანი აცხადებს, სუმბაევის ექსტრადირებისთვის არანაირი სამართლებრივი ბარიერი არსებობდა, მათ შორის არც სტრასბურგის მხრიდან.
„მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისგან ხოლმე და დაე, ყველამ იცოდეს, რომ რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი.
"საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას, შესაბამისად, როგორც ქართულ სასამართლოებში, ისევე სტრასბურგის სასამართლოში სუმბაევის საქმე დაცვის მხარის საზიანოდ არის დასრულებული, იუსტიციის მინისტრის ბრძანება გამოცემულია ევროპული სტანდარტების დაცვით და რადგან არავითარი ბარიერი, არც სამართლებრივი და არც სხვა არ არსებობს, რომ ეს პირი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი გადაცემა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თუმცა, სუმბაევის ქართველი ადვოკატი, ვანო ნორიკაძე აცხადებს, რომ ექსტრადირების ბრძანება უკანონოა და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
ადვოკატის თქმით, სუმბაევს საექსტრადაციო პატიმრობა ექსტრადირების წინა დღეს, 23 ოქტომბერს შეუფარდეს, შესაბამისად, მისი თქმითვე, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ ჰქონდა ვადა ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის.
ადვოკატი ივანე ნორაკიძე ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თეა წულუკიანი ტყუის. მისი თქმით, 6 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. არსებობს სტრასბურგის კიდევ ერთი, 15 ოქტომბრით დათარიღებული გადაწყვეტილება, როცა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.
დოკუმენტში - რომელსაც „რადიო თავისუფლება" აქვეყნებს და გამოცემას ნორაკიძემ მიაწოდა - წერია, რომ სასამართლოს 6 სექტემბრის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თუმცა, არსებითი სარჩელი სასამართლომ მიიღო, განიხილავს და გადაწყვეტილებას ადვოკატებს შეატყობინებს. ნორაკიძის მტკიცებით, იუსტიციის მინისტრმა ამის შესახებ იცის:
"მინისტრი ვალდებული იყო დალოდებოდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან იგი ამის შესახებ იყო ინფორმირებული",-ამბობს ადვოკატი.
ივანე ნორაკიძე მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას თეა წულუკიანის წინააღმდეგ, უკანონო ბრძანებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.