დღეს დილით, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოდან რუსეთში იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.
სუმბაევი თბილისში გასული წლის ნოემბერში დააკავეს და წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდეს.
რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰაკერს, იაროსლავ სუმბაევს კიბერსივრცეში „Хулиган из питера"-ს სახელით იცნობენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის კიბერსამყაროში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლება.
2015 წლიდან რუსეთის ფედერაციამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, 2018 წლის ოქტომბერში კი მისი სახელი გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობასაც დაუკავშირდა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შიშკინა სწორედ იმ კიბერდანაშაულს იძიებდა, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი სწორედ იაროსლავ სუმბაევია და რა ბრალდებითაც ის 3 წლის განმავლობაში წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ითქვა, რომ გამომძიებელი საკუთარ სახლთან მას შემდეგ მოკლეს, რაც სუმბაევის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. მათ შორის კავშირები რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებულ სამ პირთან, რომელთაც კიბერდანაშაულისა და თაღლითობის ბრალდებით ასამართლებენ.
2015 წლიდან ძებნილი იაროსლავ სუმბაევი თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ის დოკუმენტაციის გაყალბების, გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით დააკავა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
დოკუმენტაციის, კერძოდ, პასპორტის გაყალბების ფაქტს დაკავებული არ უარყოფდა და ამბობდა, რომ საქართველოს საზღვარი სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციით გადმოკვეთა.
წინასაექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის დროს სუმბაევმა ადვოკატის მეშვეობით საქართველოს პროკურატურას პოლიტკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. წერილის ადრესატი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძეა. წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს სფართხე დაემუქრებოდა. სუმბაევის ადვოკატი კი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის მიერ იდევნება. საუბარია ვლადიმირ იაკუნინზე, რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, აკონტროლებს მთელ რუსეთის რკინიგზას, ხოლო მკვლელობა, რომელსაც იაროსლავ სუმბაევს უკავშირებენ, სინამდვილეში სწორედ იაკუნინის სახელს უკავშირდება.
გამომძიებლის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირის გარდა, რუსეთის პროკურატურა სუმბაევს ედავება 2015 წელს მომხდარ დანასაულს. ბრალდების მტკიცებით, სუმბაევმა უკანონოდ შეაღწია რუსეთის რკინიგზის საიტზე, საიდანაც განახორციელა 10 მილიონი რუბლის უკანონო გადარიცხვა და შესაბამისად, ამ თანხის დაუფლება.
წყარო: პრაიმტაიმი