ბანგლადეშის სასამართლომ გოგოს ცოცხლად დაწვის საქმეში ბრალდებულ 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. "ბიბისის" ცნობით, 19 წლის გოგო ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლის დირექტორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. საქმეზე ბრალდებულებს შორის სკოლის დირექტორიც არის. გამოძიება ყველა მათგანისთვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვდა, ბრალდებულებიდან 12-მა აღიარებითი ჩვენება მისცა.
27 მარტს ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლის დირექტორმა კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც ნუსრათი ოთახიდან გაიქცა. უამრავი სხვა ბანგლადეშელი გოგოსგან განსხვავებით, ნუსრათი ოჯახთან ერთად პოლიციაში მივიდა და ყველაფერი სამართალდამცველებს უამბო. იმავე დღეს პოლიციამ სკოლის დირექტორი დააკავა, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ.
მიუხედავად ამისა 6 აპრილს, ინციდენტიდან 11 დღეში ნუსრათი სკოლაში მივიდა, რათა გამოცდა ჩაებარებინა. ერთ-ერთმა თანასკოლელმა ნუსრათი სკოლის სახურავზე აიყვანა, სადაც 4-5 თანასკოლელი მას საჩივრის უკან გამოტანისკენ მოუწოდებდა. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
ქვეყნის მთავარი პროკურორის განცხადებით, მკვლელებს თვითმკვლელობის ინსცენირება სურდათ, თუმცა მათი წასვლის შემდეგ ნუსრათმა უცხო პირებისთვის მომხდარის მოყოლა მოასწრო. როდესაც ნუსრათი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმებმა მას სხეულის 80%-ს დამწვრობა დაუდგინეს და ნუსრათის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ნუსრათმა ძმის მობილურ ტელეფონზე განცხადების ჩაწერა მოასწრო. ნუსრათი 10 აპრილს გარდაიცვალა.