რუსეთ-თურქეთის ათ პუნქტიანი შეთანხმება იქიდან გამომდინარე შედგა, რომ ცდილობენ თურქეთს სახე შეუნარჩუნონ და მოცემულ ეტაპზე რუსეთის სრული წარმატება დაფიქსირდეს, ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა.
სირიის საკითხზე სოჭში ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.
არეშიძის შეფასებით, ამერიკამ სირიის მოვლენებში „ტაქტიკური ინიციატივა" რუსეთს დაუთმო.
„ეს შეთანხმება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არსებობს, რომ ამით როგორმე თურქეთს სახე შეუნარჩუნონ და მოცემულ ეტაპზე რუსეთის სრული წარმატება დაფიქსირდეს, ზუსტად ესაა მნიშვნელოვანი, ცეცხლის შეწყვეტისა და ქურთული საჯარისო ფორმირებების საკითხი რა საკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, რომ ამ დოკუმენტით ეს გადაწყდეს.
„ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს, უფრო სწორად კი რუსეთი გახადეს ვითარებაში პასუხისმგებელი, ახლა ამ გეგმის შესრულებაზე ქურთებსა და თურქებს შორის სავარაუდო დაპირისპირებასა და ამ საკითხში ირანის ჩართულობაზე, ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია, ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, რუსეთი როგორ გამოძვრება, ამ ვითარებიდან კიდევ საკითხავია," - აცხადებს იგი.
არეშიძე მიიჩნევს, რომ აშშ-მ ტაქტიკურად პოზიციები დათმო, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით პოზიციები ჯერ არ დაუთმია.
„რაც შეეხება იმ საკითხს, ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთ სივრცე დატოვეს თუ არა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, სირიიდან კი გავიდა (თუმცა ჯერ ბოლომდეც არ გასულან), მაგრამ მას უძლიერესი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს ერაყში. ერაყი კი იქვეა. ამიტომ ამერიკელები ვითარებას შორიდან დააკვირდებიან და ამის მიხედვით იმოქმედებენ. სტრატეგიული თვალსაზრისით ჯერ-ჯერობთ მათ სიტუაცია არ დაუთმიათ, ტაქტიკური თვალსაზრისით დათმეს, ასე რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ესაა ტაქტიკური ქმედების ნაწილი, სტრატეგიულად კი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგის თქმა გამჭირდება," - განაცხადა არეშიძემ.
სირიის საკითხზე პუტინი-ერდოღანის შეთანხმების ათპუნქტიანი გეგმა შემდეგში მდგომარეობს:
1. ორივე მხარე ადასტურებს მათ ვალდებულებას სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ;
2. ისინი ხაზს უსვამენ მათ მტკიცე პოზიციას ებრძოლონ ტერორიზმის ყველა ფორმას და სირიის ტერიტორიაზე წინ აღუდგნენ სეპარატისტულ მისწრაფებებს;
3. ამ კონტექსტში არსებული სტატუს-კვო ოპერაციის ამჟამინდელ რაიონში, თელ-აბიადსა და რას ალ-აინს შორის, 32 კილომეტრი სიღრმით, შენარჩუნდება;
4. ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთი ხელს შეუწყობს ადანის შეთანხმებას ამჟამინდელ პირობებში;
5. 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, მშვიდობის წყაროს ოპერაციის მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ფორმირებებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა;
6. ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება გამოყვანილ უნდა იქნას მანბიჯიდან და თალ რიფათიდან;
7. ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრისა და ინფილტრაციისთვის;
8. სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული;
9. აღნიშნული მემორანდუმის მიმოხილვისა და კოორდინაციისთვის შეიქმნება ერთობლივი მექანიზმი მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის;
10. ორივე მხარე განაგრძობს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმის ძიებას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.