რეზონანსი
23.10.2019

  2018 წლის 18 ივლისს ხელთუბანში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახმა ცხედრის ექსჰუმაციის შემდეგ ექსპერტიზის ახალი დასკვნა გაასაჯაროვა.

ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე, ახალგაზრდა დაჭრილი იყო და 112-ში თავად დარეკა.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ ცხედარი სხვაგან წაიღეს და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ტრასაზე ისეთ ადგილას დატოვეს, რომ მძღოლებს ვერ შეემჩნიათ.

„კურიერმა" აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიჭი შველას ითხოვს.

ის ამბობს, რომ დაჭრილია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ითხოვს. ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე წუთში კი მერებაშვილი გარდაიცვალა.

დაკრძალული შვილის ექსჰუმაცია ოჯახმა იმის გამო გადაწყვიტა, რომ დანაშაულის რეალური მიზეზი ვერ გაიგო.

„თავი ჰქონდა გაჩეხილი ბავშვს, ჭრილობაც და ნათრევი იყო",- ამბობს დედა .

ოჯახს ეჭვებს ის გარემოება უმყარებს, რომ საქმეში დევს დიდი ზომის დანა, რომელიც გამოძიებამ ცხედრის სიახლოვეს ნახა.

ექსპერტიზითაც დადასტურებულია, რომ ცივ იარაღზე გარდაცვლილის სისხლია. სავარაუდოდ ამ საგნით მიაყენეს მძიმე ჭრილობები 18 წლის მერებაშვილს თავის არეში, რის გამოც მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.

დაჭრილი მერებაშვილი დახმარებისთვის მეორედ რეკავს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მოულოდნელად კი 112-ის ოპერატორთან სატელეფონო საუბარი წყდება.

შემთხვევის დღეს თორნიკე მერებაშვილი ხელთუბანში მეგობრის სახლში სვამდა. საქმის მასალების მიხედვით, ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაპირისპირება სახლშივე მოუვიდათ. ამ ჩხუბის შემდეგ მერებაშვილი ადგილს ტოვებს და ცხედრის აღმოჩენამდე მისი კვალი იკარგება.

არაერთი საეჭვო გარემოების მიუხედავად პროკურატურამ სასამართლოში წაიღო საქმე, რომლის მიხედვითაც 18 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. გამოძიება ამტკიცებს, რომ დაახლოებით ხუთტონიანმა ტრანსპორტმა მამაკაცს ისე გადაუარა, რომ სხეულზე შესაბამისი კვალი არ დატოვა. ამ საქმეზე დაკავებულია ის მძღოლი, რომელმაც გზაზე უცხო მამაკაცის პოვნის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×