საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებისა, ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე პროცესები ამერიკა-თურქეთს შორის ომს არ გამოიწვევს. მისი თქმით შეიძლება სიტუაცია არსებულთან შედარებით უფრო გამწვავდეს, თუმცა ომის საშიშროება ნაკლებად დგას და ამისგან ყველა მხარე თავს იზღვევს.
21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „სი-ენ-ბი-სის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უპასუხა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჭიროების შემთხვევაში მზადაა სამხედრო მოქმედებები დაიწყოს თურქეთის წინააღმდეგ. „ჩვენ ომს მშვიდობას ვამჯობინებთ, მაგრამ თუ ჩვენი საბრძოლო აქტიურობა გახდა საჭირო, ამისთვის პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს".
ამასთან, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს „ქურთების სამუდამო დამცველი" იყოს.
პომპეოს განცხადების საპასუხოდ თურქეთის მთავრობის არცერთ ოფიციალურ წარმომადგენელს არაფერი უთქვამს, გარდა თურქეთის ელჩისა უზბეკეთში. მეჰმედ სურეია ერმა მაიკ პომპეოს სიტყვების კომენტირებისას განაცხადა: „მას არ შეეძლო ასეთი უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთება, ეს არასწორი თარგმანის ბრალია. მე არ მგონია, მაღალკვალიფიციურ სახელმწიფო მოხელეს შეეძლოს მსგავსი განცხადების გაკეთება".
ოპერაცია „მშვიდობის წყაროს" დაწყებამდე ტრამპმა ამერიკული ჯარები სირიიდან გაიყვანა. ამით მან გზა გაუხსნა თურქეთის არმიას ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებებში. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას თვით ამერიკელები, ქურთები და არა მარტო ისინი, სისუსტედ და „მოკავშირის მიტოვებად" თვლიან. ტრამპი კი აცხადებს, რომ მიუხედავად ჯარების გაყვანისა, არ ამართლებს ერდოღანის პოლიტიკას და თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებით იმუქრება.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა საზღვრები გაუხსნას 3.6 მილიონ სირიელ ლტოლვილს და მათ ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს. ირაკლი მენაღარიშვილი კითხვაზე, არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ სირიელი ლტოლვილები მასიურად ჩამოვიდნენ საქართველოში, პასუხობს:
„სირიელი ლტოლვილების საქართველოში შემოსვლის საფრთხე არ არსებობს, რადგან ისინი თავშესაფარს ევროკავშირის ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს აფარებენ თავს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ რთული მდგომარეობაა. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ რამდენიმე სირიულ ოჯახს კი ნათესაური კავშირები აქვთ ადგილობრივებთან და სწორედ ამიტომ ცხოვრობენ იქ".
ალექსანდრე კორტავა